Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტომობილის ქურდობის ბრალდებით 14 წლის მოზარდი დააკავეს

პოლიციის ავტომობილი - საილუსტრაციო ფოტო
პოლიციის ავტომობილი - საილუსტრაციო ფოტო

თბილისში, ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 14 წლის მოზარდი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს აცხადებს, რომ ბრალდებული "ფარულად დაეუფლა „ფორდის“ მარკის ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".

უწყების მტკიცებით, 2012 წელს დაბადებული მოზარდი, წარსულში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების 30-მდე ფაქტზეა მხილებული - „ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი იყო“, - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოში მოქმედებს „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“, რომელშიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისთვის მინიმალურ ასაკად განსაზღვრულია 14 წელი, ხოლო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისთვის – 16 წელი.

კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვანის დაკავება, დაპატიმრება და მისთვის თავისუფლების აღკვეთა დასაშვებია მხოლოდ როგორც უკიდურესი ღონისძიება, რომელიც შეძლებისდაგვარად მოკლე ვადით და რეგულარული გადასინჯვის პირობით უნდა იქნეს გამოყენებული.

მოზარდის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ არასრულწლოვანმა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა.

რაც შეეხება იმ 14 წლამდე მოზარდებს, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა სახის კრიმინალურ საქმიანობაში, მათთვის პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მოქმედებს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და კოორდინაციას უწევს 14 წლამდე (ანუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი) ბავშვების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას.

ფორუმი

XS
SM
MD
LG