2026 წლის პირველი მაისიდან მუშაობა შეწყვიტა რადიო თავისუფლების რუსულენოვანმა განყოფილებამ “ეხო კავკაზა“, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული.
ამის შესახებ ოფიციალური განცხადება „ეხო კავკაზას“ რედაქციამ 3 მაისს გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, RFE/RL-ის პრეზიდენტმა და გენერალურმა დირექტორმა, სტივ კაპუსმა გადაწყვეტილება რესტრუქტურიზაციის აუცილებლობით ახსნა:
„ეს ნაბიჯები მიიღება იმისთვის, რომ RFE/RL დარჩეს გავლენიან, აქტუალურ და ფინანსურად პასუხისმგებელ ორგანიზაციად... რესტრუქტურიზაციის პროცესში ვემშვიდობებით მართლაც ძალიან ნიჭიერ კოლეგებს, რომლებმაც მრავალი წელი მიუძღვნეს RFE/RL-ის მისიას.“
ამერიკული მედიაკორპორაციის პრესსამსახურის ცნობით, „ქართული სამსახური გააგრძელებს მაუწყებლობას ქართულ ენაზე; ახალი რუსულენოვანი პროგრამების განყოფილება გააშუქებს მნიშვნელოვან მოვლენებს ოკუპირებულ რეგიონებში [აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რედ.] რუსულენოვანი აუდიტორიისთვის“.
რადიო „ეხო კავკაზა“ შეიქმნა 2009 წლის 2 ნოემბერს. 16 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის აშუქებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას.
თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში მომუშავე კორესპონდენტების, ასევე პრაღისა და თბილისის ბიუროების დახმარებით, მზადდებოდა ოპერატიული სიახლეები, ანალიტიკური მასალები, ინტერვიუები და დისკუსიები; პლატფორმა აქტიურად იყო წარმოდგენილი სოციალურ ქსელებში. ყურადღების ცენტრში იყო პოლიტიკური პროცესები, ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და რეგიონზე გარე გავლენები.
2022 წლიდან „ეხო კავკაზას“ ვებსაიტი რუსეთის ტერიტორიაზე დაბლოკილი იყო. მას შემდეგ, რაც RFE/RL რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადდა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში წყაროებთან მუშაობა მხოლოდ ანონიმურ ფორმატში გახდა შესაძლებელი:
„კორესპონდენტებისა და რესპონდენტების „ცოცხალი ხმების“ დაკარგვის გამო, რედაქცია იძულებული გახდა შეეწყვიტა რადიომაუწყებლობა, რომელიც მანამდე თითქმის 15 წლის განმავლობაში არცერთ დღეს არ შეჩერებულა. თუმცა, რედაქციას საქმიანობა არ შეუწყვეტია - ეძებდა ინფორმაციის ახალ წყაროებსა და ქმნიდა აუდიტორიასთან ურთიერთობის ახალ ფორმებს", - წერია რედაქციია განცხადებაში.
რეგიონის გაშუქებაში მათი მუშაობა კოლეგების მხრიდან მაღალ შეფასებას იმსახურებდა. ცნობილმა კანადელმა ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა, ნეილ ჰორმა, რომელიც კავკასიაში, რუსეთსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს, 1 მაისს დაწერა:
„ეს იყო ერთ-ერთი იმ მცირე, მართლაც სანდო საინფორმაციო წყაროებიდან აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე. რეპორტაჟების მუდმივად მაღალი ხარისხი შეუდარებელი იყო. ამ გადაწყვეტილების შედეგად ჩვენი ცოდნა ამ ორ რეგიონზე მნიშვნელოვნად დაზარალდება“.
„ეხო კავკაზას“ რედაქციის განცხადებით, ვებსაიტი www.ekhokavkaza.com აღარ განახლდება, თუმცა ის ხელმისაწვდომი დარჩება არქივის რეჟიმში. რედაქცია იმედოვნებს, რომ წლების განმავლობაში დაგროვილი მასალები მომავალშიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროდ დარჩება მათთვის, ვინც რეგიონს იკვლევს.
ფორუმი