3 მაისის ღამეს, ესტონეთის აღმოსავლეთით მდებარე ორი ოლქის, იდუ-ვირუმაასა და ვირუმაას ოლქების მოსახლეობამ მობილურ ტელეფონებზე შეტყობინება მიიღო შესაძლო საჰაერო საფრთხის შესახებ.
„დრონის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეაფარეთ თავი“, - ეწერა სატელეფონო გზავნილში, რომელიც იდუ-ვირუმაას მცხოვრებლებმა, ადგილობრივი დროით, დაახლოებით 03:00 საათზე მიიღეს.
ინფორმაციას ამის შესახებ Postimees, ესტონეთის გავლენიანი მედიასაშუალება ავრცელებს. მოსახლეობამ მორიგი სატელეფონო შეტყობინება, რომ საფრთხე აღარ არსებობდა, დილის 05:30 საათისთვის მიიღო.
ნარვის მცხოვრებლები (ქალაქი, რომელიც რუსეთის საზღვართან მდებარეობს), Facebook-ზე წერდნენ, რომ ღამის სამი საათისთვის გააღვიძათ ხმაურმა, რომელიც ძრავიანი ნავის ან გაზონის საკრეჭის ხმას ჰგავდა. რამდენიმე ანონიმური მომხმარებელი წერდა, რომ საკუთარი თვალით დაინახეს დრონები; შენიშნეს ნათებები და გაიგეს აფეთქებების ხმა, სავარაუდოდ, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მუშაობის შედეგად.
Postimees აღნიშნავს, რომ SMS-შეტყობინება შეიძლება გაიგზავნოს იმ შემთხვევაში, როდესაც „ესტონეთის საჰაერო სივრცეში მოხვდა ან შედის კურსს აცდენილი დრონი, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის ტერიტორიას გადაუფრენს და უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს მოსახლეობისთვის“. საუბარი არ არის საჰაერო განგაშზე, რომელიც თავშესაფარში ჩასვლას მოითხოვს.
ესტონეთის თავდაცვის ძალების გენშტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა უკა არნოლდმა მოგვიანებით განაცხადა, რომ გაფრთხილება უკავშირდებოდა 3 მაისის ღამეს უკრაინის მიერ რუსეთის ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ იერიშს.
არნოლდის თქმით, „დრონები მოძრაობდნენ ესტონეთის საზღვრის პარალელურად, საჰაერო საზღვრის სიახლოვეს და ქვეყნის ტერიტორიაზე არ შედიოდნენ. თუმცა მათი ტრაექტორიის თავისებურებების გამო არსებობდა რისკი, რომ ზოგიერთი მათგანი შეიძლებოდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში მოხვედრილიყო“.
მისივე თქმით, ერთი უპილოტო აპარატი მცირე ხნით მართლაც შევიდა ესტონეთის საჰაერო სივრცეში, რის შემდეგაც მალევე დატოვა ის. ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების ან მათი ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ესტონეთი ესაზღვრება რუსეთის ლენინგრადის ოლქს, რომლის ხელისუფლებამაც 3 მაისს განაცხადა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების შეტევაზე. იერიშის სამიზნე იყო, მათ შორის, ფინეთის ყურეში მდებარე პრიმორსკის პორტი.
ცნობილი გახდა, რომ მსგავსი გაფრთხილება იმავე ღამით მიიღეს აღმოსავლეთ ლატვიის რამდენიმე ქალაქის მცხოვრებლებმაც. უცნობია, შევიდნენ თუ არა დრონები ლატვიის საჰაერო სივრცეში.
3 მაისსვე, ფინეთის შეიარაღებულმა ძალებმა გაავრცელეს ცნობა ქვეყნის საჰაერო სივრცეში უცნობი წარმოშობის დრონის შესვლის შესახებ.
ოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ფინეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზეა გამოქვეყნებული, დარღვევა დაფიქსირდა ვიროჰალტის რაიონში, რომელიც რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დრონი უკვე აღარ იმყოფება ფინეთის საჰაერო სივრცეში“.
ფინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გამოძიების დასრულების შემდეგ გავრცელდება დამატებითი ინფორმაცია.
ბალტიის ქვეყნებსა და ფინეთში უკრაინულ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული ინციდენტები 23-29 მარტის პერიოდში მოხდა, რის გამოც უკრაინამ ბოდიში მოუხადა ამ ქვეყნებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ჰეორჰი ტიხიმ გამოცემა Delfi-ს 30 მარტს განუცხადა, რომ ინციდენტების გარემოებების გამოძიების შედეგად დაასკვნეს, რომ დრონები კურსს ასცდნენ რუსეთის რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემების ზემოქმედებით.
ფორუმი