Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

4-5 მაისს ერევანი უმასპინძლებს "ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობისა" და ევროკავშირი-სომხეთის სამიტებს

სომხეთში ჩადიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, "ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად
სომხეთში ჩადიან სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, "ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის" სამიტში მონაწილეობის მისაღებად

სომხეთი მასპინძლობს “ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის” სამიტს. ერევანში 3 მაისს ჩავიდნენ: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი კირ სტარმერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და სხვა ევროპელი ლიდერები.

სომხეთში უკვე ჩავიდა კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნიც, რომელიც პირველად მიიღებს მონაწილეობას თანამეგობრობის სამიტში, სტუმრის სტატუსით - როგორც არაევროპული ქვეყნის ლიდერი და რომელსაც უკვე შეხვდა სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. მან ორმხრივი შეხვედრა გამართა აგრეთვე არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერთან და ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან.

სომხეთის დედაქალაქში ჩავიდა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. საგარეო საქმეთა მინისტრმა და ვიცეპრემიერმა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროს ლევან ჟორჟოლიანთან ერთად სომხეთში ახლავს ირაკლი კობახიძეს, განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებზე:

„ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად, ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამ ფორმატში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა”.

ევროპული საბჭო ავრცელებს ოფიციალურ ინფორმაციას ერევნის ღონისძიებების შესახებ. “ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის” მერვე შეხვედრა თავს მოუყრის ორმოცდაათამდე ქვეყნისა და მთავრობის ლიდერებს. ღონისძიების სლოგანია - “მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში”.

„საფუძვლიანი გეოპოლიტოკური ტრანსფორმაციის ხანაში, ლიდერები იმსჯელებენ - როგორ ითანამშრომლონ უფრო მჭიდროდ და იმოქმედონ კოორდინირებულად დემოკრატიული მედეგობის განსამტკიცებლად, დაკავშირებადობის განსავითარებლად და ეკონომიკური და ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად”, - აღნიშნულია ევროპული საბჭოს განცხადებაში.

ერევნის სამიტს თანათავმჯდომარეობას გაუწევენ: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

ერევნის შეხვედრაში მონაწილეობს ევროკავშირის 27 ქვეყანა, აგრეთვე: ალბანეთი, ანდორა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, საქართველო, ისლანდია, კოსოვო, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან მარინო, სერბეთი, შვეიცარია, თურქეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო.

3 მაისს, 19:00 საათზე, სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უმასპინძლებენ „ლიდერების სადილს“.

4 მაისს დილიდან დაიწყება „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ მერვე შეხვედრა, რომლის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრა, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიები. დასკვნითი სხდომის შემდეგ, 16:30 საათზე გაკეთდება განცხადებები პრესისთვის.

“ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის” სამიტის შემდეგ, 4-5 მაისს ერევანში გაიმართება ევროკავშირი-სომხეთის პირველი სამიტი, რომელზეც სომხეთს წარმოადგენს პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ევროკავშირს კი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ამ სამიტამდე განაცხადა:

“ვხელმძღვანელობთ რა საერთო ღირებულებებით და საერთაშორისო სამართლისადმი და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისადმი ერთგულებით, ევროკავშირისა და სომხეთის ეს უმნიშვნელოვანესი სამიტი გააღრმავებს ორმხრივ თანამშრომლობას, აგრეთვე იქცევა მშვიდობის განმტკიცების, ურთიერთკავშირის გაძლიერებისა და სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად”.

ევროკავშირის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამიტზე მხარეები იმსჯელებენ გლობალურ გამოწვევებზეც: უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში.

ევროკავშირი-სომხეთის სამიტი დასრულდება ერთობლივი დეკლარაციისა და სხვა ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG