Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სასამართლომ 22 წლით მიუსაჯა პატიმრობა უკრაინელ ტყვეს

რუსეთის სასამართლომ 22 წლით მიუსაჯა პატიმრობა უკრაინელ ტყვეს. 2026 წლის 6 მაისი
რუსეთის სასამართლომ 22 წლით მიუსაჯა პატიმრობა უკრაინელ ტყვეს. 2026 წლის 6 მაისი

რუსეთში, დონის როსტოვის სამხრეთის ოლქის სასამართლომ 22 წლით პატიმრობა მიუსაჯა უკრაინელ სამხედრო ტყვეს, რომან კლიუკინს - იუწყება "მედიაზონა" სასამართლოს პრესსამდივნოზე დაყრდნობით. განაჩენის თანახმად, კლიუკინმა პირველი ხუთი წელი ციხეში უნდა გაატაროს, დანარჩენი ვადა - მკაცრი რეჟიმის კოლონიაში.

49 წლის სამხედრო ტყვეს ბრალი დასდეს ჯაშუშობასა და ტერორისტული ორგანიზაციის ქმედებებში მონაწილეობაში. საქმის მასალებში ნათქვამია, რომ 2024 წლის ოქტომბერში მან კონტრაქტი გააფორმა უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში მებრძოლ, ყირიმელი თათრების ბატალიონთან - რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა გამოცხადებული.

როგორც ვარაუდობენ, კლიუკინი 2025 წლის 7 მარტს ჩავარდა ტყვედ, რუსეთის კურსკის ოლქის ტერიტორიაზე. ბრალდების მხარის მტკიცებით, იგი "ჯაშუშური დავალებით" აგროვებდა მონაცემებს რუსეთის მეომრებზე დონეცკის ოლქში. სასამართლოს ცნობაში ასევე ნათქვამია, რომ კლიუკინმა დანაშაული აღიარა.

უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ რუსეთი ჟენევის კონვენციების და საერთაშორისო სამართლის სხვა ნორმების დარღვევით ასამართლებს უკრაინელ ტყვეებს, სხვადასხვა ბრალდებით, რომლებიც უმეტესად ტერორიზმს უკავშირდება. ამასთან, რუსეთი ამ განსასჯელებს არ ანიჭებს ომის ტყვეთა სტატუსს და ამ სტატუსიდან გამომდინარე მებრძოლის იმუნიტეტს. საერთო ჯამში, რუსეთში ასობით უკრაინელ ტყვეს გამოუტანეს განაჩენები. მათი ნაწილი შემდეგ უკრაინაში ტყვედ ჩავარდნილ რუსებზე გაცვალეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG