გადადგომის მიზეზი დასახელებული არ არის ბიენალეს ოფიციალურ ვებსაიტზე 30 აპრილს გამოქვეყნებულ მოკლე პრესრელიზში.
წლევანდელი, 61-ე გამოფენის ჟიურის ბრაზილიელი სოლანჟ ფარკასი ხელმძღვანელობდა.
დაახლოებით ერთი კვირის წინ ჟიურის წევრებმა გადაწყვიტეს ჯილდოების პრეტენდენტებად არ განეხილათ ნამუშევრები იმ ქვეყნებიდან, რომელთა ლიდერებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ბრალს სდებს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში.
- ეს ფაქტობრივად, ნიშნავს კონკურსიდან რუსეთის და ისრაელის ჩამოშორებას. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტ პუტინის და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერები აქვს გაცემული.
ისრაელელმა სკულპტორმა ბელუ-სიმიონ ფაინარუმ ჟიური რასობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა და სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.
ვენეციის ბიენალეს ხელმძღვანელობას საერთაშორისო ჟიურის გადაწყვეტილება არ გაუკრიტიკებია, ხაზი მის დამოუკიდებლობას გაუსვა და გადაწყვიტა, რომ ბიენალეს ისტორიაში პირველად, კონურსის გამარჯვებულებს დამთვალიერებლები გამოავლენენ. თითოეული ბილეთის მფლობელს ერთი ხმის უფლება ექნება.
თავად ბიენალეს ხელმძღვანელობა კრიტიკის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც 2026 წლის მარტის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ბიენალეზე ისევ წარდგება და კვლავ გაიხსენება მისი პავილიონი, რომელიც 2022 წელს, უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაიხურა.
რუსეთის დაბრუნების გამო ევროკომისიამ ვენეციის ბიენალეს ორი მილიონი ევროს გრანტი გაუუქმა.
2026 წლის ბიენალე 9 მაისს გაიხსნება და 22 ნოემბერს დასრულდება.
ვენეციის ბიენალე მსოფლიო ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფორუმია, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოდან ტარდება. ბიენალე მოიცავს ორ ძირითად ნაწილს, ხელოვნების და არქიტექტურის გამოფენებს, რომლებიც მონაცვლეობით, ორ წელიწადში ერთხელ იმართება და რამდენიმე დამატებით კომპონენტს - მუსიკას, თეატრს, კინოს და თანამედროვე ცეკვას.
ფორუმი