რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში ცეცხლის ცალმხრივი შეწყვეტის პირობები. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მხარე ცეცხლის შეწყვეტას აცხადებს „დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების 81-ე წლისთავის აღნიშვნის დროს, 8 მაისის ნული საათიდან 10 მაისამდე“.
ამ პერიოდში, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ყველა დაჯგუფება შეწყვეტს საომარ მოქმედებებს „სპეციალური სამხედრო ოპერაციების ზონაში“, ასევე შეჩერდება სარაკეტო დარტყმები და დრონებით დარტყმები „უკრაინის შეიარაღებული ძალების განლაგების ადგილებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან და შეიარაღებულ ძალებთან უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში“.
„თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები დაარღვევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სპეციალური სამხედრო ოპერაციების ზონაში ან შეეცდებიან დასახლებულ პუნქტებსა და ობიექტებზე თავდასხმას რუსეთის რეგიონების ტერიტორიებზე, რუსეთის შეიარაღებული ძალების პასუხი ადეკვატური იქნება,“ ნათქვამია განცხადებაში.
თავდაცვის სამინისტრომ ასევე კიდევ ერთხელ გაიმეორა მუქარა კიევის ცენტრში მასშტაბური სარაკეტო დარტყმის განხორციელების შესახებ, თუ უკრაინული მხარე შეეცდება 9 მაისს აღლუმის ან გამარჯვების დღის სხვა ღონისძიებების ჩაშლას.
ამ მუქარის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ მოუწოდა უცხოურ ორგანიზაციებსა და საელჩოებს, უკრაინის დედაქალაქიდან თავიანთი თანამშრომლების ევაკუაციისკენ. ევროკავშირის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბრიუსელი კიევში თავისი დიპლომატიური მისიის მიმართ 9 მაისამდე არანაირ ზომებს არ მიიღებს რუსეთის გაფრთხილების მიუხედავად და დასძინა: „რუსეთის საჯარო მუქარა კიევზე დარტყმის შესახებ მისი უგუნური ესკალაციის ტაქტიკის ნაწილია“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ადრე გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 8-9 მაისს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ გამოაცხადა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 6 მაისის შუაღამისას, რომელიც თითქმის მაშინვე დაარღვია რუსეთმა.
ფორუმი