აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება 4 ივლისამდე გადადო. მისი სიტყვებით, გადაწყვეტილება ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურზულა ფონ დერ ლაიენთან „შესანიშნავი საუბრის“ შემდეგ მიიღო.
„მოთმინებით ველი, როდის შეასრულებს ევროკავშირი შოტლანდიის ქალაქ ტერნბერიში მიღწეული ისტორიული სავაჭრო შეთანხმების თავის ნაწილს - ისტორიაში ყველაზე დიდ სავაჭრო შეთანხმებას! დაპირება იყო, რომ ევროკავშირი შეასრულებდა შეთანხმების თავის ნაწილს და, შეთანხმების შესაბამისად, ტარიფებს ნულამდე შეამცირებდა!“ - დაწერა მან თავის სოციალურ ქსელში, Truth-ში.
ტრამპის თქმით, ლიდერებმა ასევე განიხილეს ირანში არსებული ვითარება და შეთანხმდნენ, რომ თეირანი არასდროს უნდა ფლობდეს ბირთვულ იარაღს.
ურზულა ფონ დერ ლაიენმა, თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტთან საუბარს „ძალიან კარგი“ უწოდა.
„განვიხილეთ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმება. ორივე მხარე მისი განხორციელების სრულად ერთგულია. ივლისის დასაწყისისთვის ტარიფების შემცირების მიმართულებით კარგი პროგრესია მიღწეული“, - დაწერა მან სოციალურ ქსელ X-ში.
1 მაისს ტრამპმა გამოაცხადა, რომ მომდევნო კვირიდან ევროკავშირიდან იმპორტირებულ მსუბუქ და სატვირთო ავტომობილებზე ტარიფებს 25%-მდე გაზრდიდა. გადაწყვეტილების მიზეზად მან ევროკავშირის მიერ სავაჭრო შეთანხმების შეუსრულებლობა დაასახელა.
საუბარია 2025 წელს მიღწეულ და 2026 წლის დასაწყისში დასრულებულ სავაჭრო შეთანხმებაზე. შეთანხმებით გათვალისწინებულია ევროკავშირში ამერიკულ სამრეწველო პროდუქტებზე ტარიფების გაუქმება და ევროპული საქონლის უმეტესობისთვის ტარიფების ზედა ზღვრის დაწესება.
2026 წლის თებერვალში აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტ ტრამპის მიერ შემოღებული ტარიფების უმეტესობა, მათ შორის ორმხრივი ტარიფები პრაქტიკულად ყველა ქვეყნიდან იმპორტზე და 25%-იანი ტარიფები კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე.
გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიებს, რომლებსაც უკვე გადახდილი აქვთ ეს ტარიფები, შეეძლებათ ფინანსთა სამინისტროსგან თანხის დაბრუნება მოითხოვონ.
ფორუმი