Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერ აქტივისტს, გელა ხასაიას, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

გელა ხასაია
გელა ხასაია

ოპოზიციონერ აქტივისტს, კოალიცია "ცვლილებისთვის“ წევრს, გელა ხასაიას, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამის შესახებ ცნობილი დღეს, 8 მაისს, სასამართლო სხდომაზე გახდა. ამავე სხდომაზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა ხასაიასთან ერთად "ჯგუფურ ძალადობაში" ბრალდებულ ვასილ ქერდიყოშვილს.

სასამართლო სხდომაზე მათ პროკურორმა მარიამ წულაიამ ერთადერთი შეკითხვით მიმართა, ადასტურებდნენ თუ არა წარდგენილ ბრალს, რაზეც ორივე ბრალდებულისგან დადებითი პასუხი მიიღო. ქერდიყოშვილი ბრალს თავიდანვე აღიარებდა.

ბრალის აღიარების შედეგად, პროკურატურასთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, გელა ხასაია და ვასილ ქერდიყოშვილი საპატიმროში ერთ წელს გაატარებენ, სამი წლის განმავლობაში კი პირობით მსჯავრს მოიხდიან.

ბრალდებულები ხასაია და ქერდიყოშვილი სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდნენ, რომ ერთმანეთს არ იცნობენ, თუმცა პროკურატურა მათ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობას ედავებოდა.

რას ედავებოდა პროკურატურა ხასაიასა და ქერდიყოშვილს

ბრალდების თანახმად, მათ ჯგუფურად, განზრახ, ნაკლებად მძიმედ დააზიანეს ადამიანის ჯანმრთელობა. დაზარალებულად ცნეს რამაზ ჩადუნელი.

4 მაისის სასამართლო სხდომაზე ჩადუნელმა თქვა, რომ ორმა პიროვნებამ თბილისში, „დეზერტირების ბაზრის“ მიმდებარედ, თამარ მეფის გამზირზე ფიზიკური დაზიანება მიაყენა. მანამდე ერთად სვამდნენ ლუდს.

მან, ისე რომ არ დაუზუსტებია დაპირისპირების მიზეზები, თქვა, რომ „კამათი მოუვიდა ბიჭებთან”.

სხდომაზე მას ბრალდებულების ამოცნობაც გაუჭირდა.

პროკურატურის ცნობით, 1975 წელს დაბადებულ რამაზ ჩადუნელს გელა ხასაიამ და ვასილ ქერდიყოშვილმა შელაპარაკების შემდეგ ჯანმრთელობა დაუზიანეს და მიიმალნენ.

ბრალდებაში წერია, რომ ბრალდებულებმა რამაზ ჩადუნელს წიხლები ურტყეს, მას მაჯა მოსტყდა და საავადმყოფოში აღმოჩნდა.

გელა ხასაიას ადვოკატი პროკურატურას ბრალის დამძიმებასა და სამედიცინო დასკვნის არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებდა.

ხასაია დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიებისა და პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეებიც.

  • გელა ხასაია მომხდარიდან ერთი თვის შემდეგ, 2025 წლის 29 სექტემბერს, დააკავეს.


მისი დაპატიმრებიდან ორი თვის შემდეგ, 2025 წლის 1 დეკემბერს, BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, საქართველოს ხელისუფლებამ 2024 წლის ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ფილმის ერთ-ერთი რესპონდენტი გელა ხასაია პოლიციის მიერ წყლის ჭავლის გამოყენების შემდეგ სხვადასხვა გვერდით ეფექტზე საუბრობდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG