აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში რჩება, მიუხედავად სამხედრო შეტაკებისა 8 მაისის ღამეს აშშ-სა და ირანის ძალებს შორის ჰორმუზის სრუტეში.
ABC News-თან ინტერვიუში ტრამპმა „ნაზი დარტყმა“ უწოდა აშშ-ის სამხედროების მიერ ირანის სამიზნეებზე განხორციელებულ დარტყმებს, რომლებიც ირანის მიერ ამერიკული გემებისთვის ცეცხლის გახსნის სავარაუდო მცდელობის საპასუხოდ განხორციელდა. ტრამპმა დაადასტურა, რომ ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში რჩება.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ადრე განაცხადა, რომ 7 მაისს ირანის ძალებმა „გაუშვეს რამდენიმე რაკეტა, დრონი და მცირე ზომის ხომალდი“ რამდენიმე ამერიკული სამხედრო გემის, კერძოდ, ესმინეცების Truxtun-ის, Rafael Peralta-სა და Mason-ის მიმართულებით, რომლებიც სპარსეთის ყურიდან ომანის ყურეში გადაადგილდებოდნენ ჰორმუზის სრუტის გავლით. ამასთანავე, როგორც ამტკიცებენ, აშშ-ის გემები არ დაზიანებულა.
თავის მხრივ, აშშ-ის ძალებმა „გაანადგურეს მოახლოებული საფრთხეები და დაარტყეს ირანის სამხედრო ობიექტებს, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის, მათ შორის რაკეტებისა და დრონების გამშვებ მოწყობილობებზე, სამეთაურო და საკონტროლო პუნქტებზე, ასევე სადაზვერვო და სათვალთვალო ობიექტებზე“.
სოციალურ ქსელ TruthSocial-ში ტრამპმა დაწერა, რომ ამერიკულ გემებს „არანაირი ზიანი“ არ მიუღიათ, თუმცა ირანის „მრავალმა მცირე ზომის გემმა ... დიდი ზარალი“ ნახა.
ირანის მთავრობასთან დაკავშირებული მედიის ცნობით, „მოწინააღმდეგემ“ დაბომბა ბაჰმანის ნავსადგური ჰორმუზის სრუტეში, კუნძულ კეშმიზე.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ზღვისპირა ქალაქ ბანდარ-აბასში. ირანული ცნობების დამოუკიდებლად დადასტურება დაუყოვნებლივ ვერ მოხერხდა. მსხვერპლის ან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ჰორმუზის სრუტე დე-ფაქტო კვლავ დაბლოკილია ირანის მიერ. პრეზიდენტმა ტრამპმა ადრე გამოაცხადა სპარსეთის ყურიდან უცხოური გემების გაყვანის ოპერაციის შეჩერების შესახებ - მისი თქმით, ეს გაკეთდა პაკისტანის მოთხოვნით, რომელიც ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის შუამავლობას ახორციელებს.
როგორც გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ხელმძღვანელმა არსენიო დომინგესმა 7 მაისს განაცხადა, ირანის ბლოკადის გამო სპარსეთის ყურეში ამჟამად დაახლოებით 1500 გემი და ეკიპაჟის დაახლოებით 20 000 წევრია იძულებით გაჩერებული.
მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ საჰაერო იერიშები მიიტანეს, თეირანმა საპასუხოდ სპარსეთის ყურის ქვეყნების მიმართულებით, იქ სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია, რაკეტებისა და დრონების სროლა დაიწყო და ჩაკეტა სრუტე, რომლის საშუალებითაც ომამდე მსოფლიო ნავთობისა და გაზის მარაგების დაახლოებით 20% გადიოდა. აშშ-მა, თავის მხრივ, ირანის საზღვაო ნავსადგურების ჩაკეტვა დაიწყო.
ფორუმი