შეერთებული შტატები კვლავ მზადაა, რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმებების შუამავლობა გასწიოს, თუმცა ვაშინგტონი „დროს არ დაკარგავს“, თუ სამშვიდობო პროცესი წინ ვერ წავა. ამის შესახებ იტალიაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა.
რუბიომ თქვა ასევე, რომ რიგი მიზეზების გამო, აშშ-ის ძალისხმევამ ნაყოფიერი შედეგი ვერ გამოიღო და მოლაპარაკებები „გაჩერდა“. „ჩვენ არ გვინდა დროის დაკარგვა და ძალისხმევა და ენერგია იმ მცდელობაში ჩავდოთ, რომელიც პროგრესს არ იწვევს“, - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა, რითაც ნათლად აჩვენა, რომ აშშ არ გამორიცხავს მოლაპარაკებების პროცესიდან გასვლას.
7 მაისს რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა, განაცხადა, რომ მოსკოვს, ვაშინგტონსა და კიევს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდის ორგანიზება ახლა „დროის კარგვა“ იქნება. მან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების განახლებისთვის უკრაინამ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები დონეცკის რეგიონის იმ ნაწილიდან, რომელსაც აკონტროლებს.
„ყველას ესმის, მათ შორის, ვიტყოდი, უკრაინელ მომლაპარაკებლებსაც, რომ კიევმა ახლა მხოლოდ ერთი სერიოზული ნაბიჯი უნდა გადადგას, რის შემდეგაც, პირველ რიგში, სამხედრო მოქმედებები შეწყდება და, მეორეც, გაიხსნება პერსპექტივები შემდგომი გრძელვადიანი მოგვარების შესაძლებლობაზე სერიოზული დისკუსიებისთვის“, - განაცხადა უშაკოვმა.
აშშ-ის წარმომადგენლებმა ადრე განაცხადეს, რომ უკრაინის ჯარების გაყვანა რუსეთის მთავარ მოთხოვნად რჩება. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს მოთხოვნა მიუღებელია.
დონეცკის რეგიონის დაახლოებით 20% უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. რუსული ჯარების წინსვლა ფრონტზე ბოლო კვირების განმავლობაში პრაქტიკულად შეჩერდა.
რუბიომ იტალიაში ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ირანისგან აშშ-ის სამშვიდობო ინიციატივებზე რეაგირებას პარასკევს, 8 მაისს, ელის.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდა. მან იკითხა, თუ რატომ არ უჭერენ მხარს მოკავშირეები, მათ შორის იტალია, ვაშინგტონის მცდელობებს ირანთან დაპირისპირებისა და ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნის საქმეში.
რუბიო ორდღიან ვიზიტს ასრულებდა, რომლის ერთი მიზანიც
ვაშინგტონის იმედგაცრუების გამოხატვა იტალიის მიერ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის ომის მხარდაჭერაზე უარის თქმის გამო.
იტალიაში რუბიო პაპ ლეონ XIV-ს შეხვდა. შეხვედრის მიზანი კი აშშ-ის ადმინისტრაციასა და ვატიკანს შორის კონფლიქტის მოგვარება იყო. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ადრე მკვეთრად გააკრიტიკა პაპი ირანთან ომთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო.
რუბიო: აშშ-მ შესაძლოა მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლის როლის თამაში შეწყვიტოს
ფორუმი