Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰეზბოლამ ისრაელის სამხედრო ბაზას რაკეტები ისროლა ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ

ლიბანის ისრაელთან საღვრისპირა დასახლება . 16 აპრილი, 2026 წელი
ლიბანის ისრაელთან საღვრისპირა დასახლება . 16 აპრილი, 2026 წელი

8 მაისს ჰეზბოლამ ისრაელში სამხედრო ბაზას რაკეტები
დაუშინა ისრაელის თავდასხმების საპასუხოდ, რომელსაც მისი ერთ-ერთი მაღალი რანგის მეთაური ემსხვერპლა.

ლიბანის ხელისუფლება კი იუწყება, რომ ისრაელის ახალი თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მაშველი, დაიღუპა.


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებული შტატები 14 და 15 მაისს ისრაელისა და ლიბანის მთავრობებს შორის ორდღიან ინტენსიურ მოლაპარაკებებს ჩაატარებს.

ჰეზბოლას (ტერორისტულ დაჯგუფებად შერაცხილი აშშ-ის მიერ) განცხადებაში ნათქვამია, რომ რაკეტების
სამიზნე იყო ისრაელის ქალაქ ნაჰარიას სამხრეთით მდებარე ბაზა "ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის, ბეირუთის სამხრეთ გარეუბნების დაბომბვისა და სამხრეთ ლიბანის სოფლებსა და მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ“.

ისრაელის სამხედრო ძალების ცნობით, საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა ადრე ჩრდილოეთ ისრაელის რამდენიმე ქალაქში.

სამხედროებმა განაცხადეს, რომ „ერთი რაკეტა გადაიტაცეს, ხოლო დამატებითი გაშვებები ღია სივრცეში მოხდა“ და დასძინეს, რომ დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ომში 17 აპრილიდან ზავია გამოცხადებული, სამხრეთ ლიბანში საბრძოლო მოქმედებები არ შეწყვეტილა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 16 აპრილს გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის პირობები ისრაელს საშუალებას აძლევს, იმოქმედოს ჰეზბოლას „დაგეგმილი, გარდაუვალი ან მიმდინარე თავდასხმების“ წინააღმდეგ.

ისრაელის სამხედროებმა ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს ლიბანის სამხრეთში მდებარე შვიდი ქალაქისთვის, მათ შორის ტურასთვის.

ისრაელმა ოთხშაბათს ბეირუთის სამხრეთ გარეუბნები დაბომბა, რაც პირველი თავდასხმა იყო ჰეზბოლაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში .

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს , რომ მათი სამიზნე ჰეზბოლას ელიტური "რადუანის" ძალების მეთაური იყო.

ჰეზბოლას ჯერ არ გამოუცხადებია მეთაურის სიკვდილის შესახებ, თუმცა დაჯგუფებასთან დაახლოებულმა წყარომ AFP-ს დაუდასტურა, რომ მალეკ ბალუტი მოკლეს.

ბოლო თავდასხმები მაშინ მოხდა, როდესაც ლიბანი და ისრაელი, რომლებსაც ოფიციალურად ომი აქვთ 1948 წლიდან, მომავალ კვირას ვაშინგტონში პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას გეგმავდნენ.

ლიბანის პრეზიდენტი ჟოზეფ აუნი პარასკევს, აშშ-ში გამგზავრებამდე, დელეგაციის ხელმძღვანელს, სიმონ კარამს შეხვდა და მას „მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ლიბანის მტკიცე პოზიციების განსაზღვრის დირექტივები“ მისცა.

ლიბანისა და ისრაელის ელჩები აშშ-ში, ბოლო კვირების განმავლობაში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს ვაშინგტონში ომის დასრულების მცდელობის მიზნით, რომელიც 2 მარტს დაიწყო, როცა ჰეზბოლამ ირანზე აშშ-ის და ისრაელის ომის საპასუხოდ ისრაელს შეუტია და
ლიბანი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩაითრია.

ჰეზბოლა კატეგორიულად ეწინააღმდეგება პირდაპირ მოლაპარაკებებს, მათ „ცოდვას“ უწოდებს და ბეირუთს მოლაპარაკებებიდან გამოსვლისკენ მოუწოდებს.

2 მარტიდან მოყოლებული, ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად 2750-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ათობით - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გამოცხადების შემდეგ.

ევროკავშირის კრიზისების მართვის ხელმძღვანელმა ჰაჯა ლაჰბიბმა ბეირუთში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2 მარტს ომის დაწყების შემდეგ, 27 წევრისგან შემდგარმა ბლოკმა 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოყო და ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ექვსი თვითმფრინავი გაგზავნა, მეშვიდე კი სავარაუდოდ, შაბათს გაიგზავნება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG