რუსეთში, ჩეჩნეთის რესპუბლიკაზე კვლავ განხორციელდა დრონებით შეტევა, ნამტვრევები დაეცა სუპერმარკეტს და საცხოვრებელ სახლებს, დაშავდა ექვსი ადამიანი.
დრონების საფრთხის შესახებ გამოცხადებული განგაშის რეჟიმის მიუხედავად, რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დასრულების 81-ე წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებები. აღლუმები ჩატარდა ვლადიკავკაზში, მაჰაჩყალაში, კრასნოდარში და სტავროპოლში - სადაც ჩაიარეს რუსეთის არმიის ფორმებში ჩაცმულმა სკოლამდელი ასაკის ბავშვებმა. დონის როსტოვში ტრადიციული აღლუმი გააუქმეს, უკრაინის მხრიდან დარტყმის საფრთხის გამო.
ადგილობრივი გამოცემის, Чечня Сегодня-ის მონაცემებით, რესპუბლიკის თავზე ხუთი დრონი ჩამოაგდეს. გროზნოში ნამტვრევები დაეცა სუპერმარკეტის შენობას - სრულად დაიწვა შენობის სახურავი და ზედა სართული. რესპუბლიკაში დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც. ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა ექვსი ადამიანი. მათი დაზიანებების ხარისხი უცნობია, თუმცა იუწყებიან, რომ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ჩეჩნეთის მეთაურს და მის მოკავშირეებს განცხადება არ გაუკეთებიათ ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში მეორე თავდასხმის შესახებ.
ერთი დღით ადრე, 8 მაისის ღამეს დრონებმა იერიში მიიტანეს როსტოვის სამრეწველო ზონაზე. ერთ-ერთი სამიზნე იყო კომპანია "რუსეთის სამხრეთის აერონავიგაციის" შენობა, რის გამოც რუსეთის სამხრეთსა და კავკასიაში 13 აეროპორტის მუშაობა შეაჩერეს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 8 მაისს გამოაცხდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მიღწეულია სამდღიანი ზავის შეთანხმება. კიევსა და მოსკოვში ეს შეთანხმება დაადასტურეს. ტრამპის თქმით, ზავი გაგრძელდება 9, 10 და 11 მაისს და მოიცავს როგორც საბრძოლო მოქმედებების შეჩერებას, ისე ტყვეთა გაცვლას, ფორმატით 1000-1000-ზე.
უკრაინის საჰაერო ძალებმა შემდგომში განაცხადეს, რომ 9 მაისის ღამეს უკრაინაზე რუსეთის 40-ზე მეტი დრონით იყო თავდასხმები.
ფორუმი