Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვევედროთ უფალს, რომ შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული" - 11 მაისს წმინდა სინოდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს

საპატრიარქო კანდიდატები: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მარცხნივ), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (შუაში) და ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი.
საპატრიარქო კანდიდატები: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მარცხნივ), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (შუაში) და ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი.

10 მაისს სამების საკათედრო ტაძარში დაიწყო სამზადისი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრებისთვის, რომელიც 11 მაისს 13.00 სთ-ზე გაიხსნება და წმინდა სინოდის მიერ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევით დასრულდება.

წმინდა სინოდმა უკვე გამოარჩია სამი საპატრიარქო კანდიდატი: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

10 მაისს სამების ტაძარში საკვირაო წირვა-ლოცვის ჩატარების შემდეგ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) 11 მაისის კრების შესახებ ილაპარაკა.

“მხოლოდ მადლის მეშვეობით შეიძლება, ჩვენ ღირსეულად და წარმატებით ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას”, - განაცხადა შიო მუჯირმა ქადაგებისას:

„ვევედროთ ჩვენ უფალს, რომ მოგვცეს ეს მადლი, ეს ცოცხალი წყალი, რომ შეგვაძლებინოს, მივიღოთ გადაწყვეტილება ბრძნული, გონიერი. ღვთის ნებით ჩვენი ეკლესიისთვის და ჩვენი ერისთვის სასარგებლო. ისევე, როგორც 49 წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამორჩევით მრავალი სიკეთე მოხდა და აღსრულდა ჩვენ ეკლესიაში და ჩვენ ერში, ხვალინდელი დღეც ყოფილიყოს საწინდარი კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გზის გაგრძელებისა. ეს არის გზა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთგულების, ღვთის მსახურების, ხალხის სიყვარულის, ერთსულოვნებაზე ზრუნვის, საქართველოში მშვიდობის და გაერთიანების, მსახურების და თავგანწირული მსახურების. ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს სრულიად საქართველო“.

28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე სინოდის წევრებმა პატრიარქობის სამი კანდიდატი შეარჩიეს.

პატრიარქობის კანდიდატები არიან: კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი).

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიიღო 20 ხმა, დანარჩენმა ორმა კანდიდატმა – 7-7 ხმა.

სამი მღვდელმთავარი, რომელმაც სინოდზე ხმათა უმრავლესობა მიიღო, კენჭს იყრის გაფართოებულ კრებაზე, როგორც პატრიარქობის კანდიდატი.

ვერცერთი კანდიდატი თუ ვერ მიიღებს ხმათა ნახევარზე მეტს, ტარდება ხელმეორე კენჭისყრა. მასში მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, რომელიც პირველ კენჭისყრაში მიიღებს ხმათა უმრავლესობას.

კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის კენჭისყრაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი განსაზღვრულია საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს სვეტიცხოვლის ტაძარში გამართულ საქართველოს ეკლესიის გაფართოებულ მე-13 კრებაზე მიიღეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG