უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთს ტყვეთა მორიგი გაცვლისთვის 1000-კაციანი სია წარუდგინა.
- აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისს გამოაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი დასთანხმდნენ 9, 10 და 11 მაისს ხანმოკლე ზავს და 1000-1000 სამხედრო ტყვის გაცვლას.
- 9 მაისს საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მედიას უთხრა, რომ უკრაინულ მხარეს ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტის წინადადებამდე, 5 მაისს შესთავაზეს გაცვლა და გაუგზავნეს რუსეთში მყოფი 500 უკრაინელი ტყვის სია, კიევისგან კი არანაირი წინადადება არ ყოფილა.
- 10 მაისს საღამოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთს გადასცეს 1000 ტყვის სია.
10 მაისს ღამით უკრაინის საკოორდინაციო შტაბმა, რომელიც ტყვეთა გათავისუფლების საკითხებზე მუშაობს, გამოაქვეყნა ცნობა, რომ აშშ-ის შუამავლობით 9 მაისს გამართული მოლაპარაკების შედეგად, უკრაინამ რუსეთს წარუდგინა „სია 1000“ და ის შედგენილია უკრაინის დამცველთა ტყვეობაში ყოფნის ვადის მიხედვით.
საკოორდინაციო შტაბის თანახმად, მოლაპარაკების პროცესი გრძელდება და მისი ეფექტიანობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ყველამ თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
უკრაინამ და რუსეთმა ტყვეები რამდენჯერმე გაცვალეს ომის დასრულების პირობების შესახებ 2026 წლის იანვრიდან დაწყებული აშშ-უკრაინა-რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში.
უკრაინა და რუსეთი ერთმანეთისთვის სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გადაცემაზე 2025 წლის მაის-ივლისშიც შეთანხმდნენ სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შედეგად. ტყვეთა გაცვლა რამდენჯერმე შედგა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 2022-2024 წლებშიც.
უკრაინის საკოორდინაციო საბჭოს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 2026 წლის 10 მაისის მდგომარეობით, უკრაინამ დაიბრუნა 9048 მოქალაქე.
რუსეთის ოფიციალური წყაროების მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის გათავისუფლებული იყო 2500-ზე მეტი რუსი ტყვე.
ფორუმი