Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვეტიცხოველში ჩატარდა კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის ინტრონიზაცია

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის აღსაყდრება
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, შიო მესამის აღსაყდრება

მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში დღეს, 12 მაისს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, შიო III-ის აღსაყდრების ცერემონია ჩატარდა.

საზეიმო ლიტურგიაზე ახალ პატრიარქს გადასცეს მართვის სიმბოლოები - საპატრიარქო მიტრა, თავსაბურავი, ჯვარ-პანაღიები და კვერთხი.

შიო III-ის ინტრონიზაცია დაიწყო საზეიმო წირვით, რომელსაც სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები აღასრულებდნენ. სვეტიცხოველში ცერემონიას ესწრებოდნენ მრევლი, მიწვეული სტუმრები და ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

მან და მინისტრებმა შიო მესამეს საქართველოს პატრიარქად კურთხევა ადგილზევე მიულოცეს და ემთხვივნენ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო 11 მაისს აირჩიეს.

ინტრონიზაცია

არჩევიდან მალევე, ახალმა პატრიარქმა შიომ განაცხადა, რომ მისი ინტრონიზაცია 12 მაისს გაიმართებოდა - მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.

სწორედ აქ გაიმართა 1977 წლის 25 დეკემბერს მისი წინამორბედის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის ინტრონიზაცია.

რატომ ასე სწრაფად?

როგორც თავად კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ განმარტა, ეს ტრადიციითაა განპირობებული.

„ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველ კვირას ან დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა“, - თქვა მან.

მისი არჩევის შემდეგ უახლოესი დღესასწაული არის 12 მაისს, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს:

  • წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლას;
  • ასევე, საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობას.
  • 12 მაისი 2019 წლიდან სახელმწიფომ უქმე დღედ გამოაცხადა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG