Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რუსეთის იზოლაციის პოლიტიკაში ევროკავშირმა საქართველოზეც წაიბორძიკა“, სომხეთს კი „ორ სკამზე დარჩენა“ არ გამოუვა - კალუგინი

მიხაილ კალუგინი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დეპარტამენტის დირექტორი
მიხაილ კალუგინი - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დეპარტამენტის დირექტორი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დეპარტამენტის დირექტორი მიხაილ კალუგინი აცხადებს, რომ „რუსეთის იზოლაციის პოლიტიკაში ევროკავშირმა საქართველოზეც წაიბორძიკა“, სომხეთს კი „ორ სკამზე დარჩენა“ არ გამოუვა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში, რომელიც 12 მაისს გამოქვეყნდა, კალუგინი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობეზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთს არ მოსწონს ევროკავშირთან სომხეთის დაახლოება და „პრაგმატიზმისთვის“ ისევ აქებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.

კალუგინის განცხადებით, „რუსეთის იზოლაციის პოლიტიკაში ევროკავშირმა საქართველოზეც წაიბორძიკა“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი საქართველის შიდა საქმეებში „უცერემონიოდ ერეოდა“ და ხელისუფლებას „ხელებს უგრეხდა“, რამაც „ბრიუსელისთვის მოულოდნელი შედეგი“ გამოიწვია ქვეყნის და მისი მოსახლეობის „ინტერესებზე დაფუძნებული“, თბილისის „კიდევ უფრო დიდი პრაგმატიზმის“ სახით.

კალუგინის განცხადებით, იმის წყალობით, რომ „თავისი პატრონების კარნახს“ არ მისდია, საქართველო წარმატებით ვითარდება და მისი ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რუსეთთან ვაჭრობის გაფართოებამ.

რუსეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში მესამე ადგილზეა, - თურქეთისა და აშშ-ის შემდეგ.
2025 წელს საქართველომ რუსეთში $745 მლნ-მდე ღირებულების პროდუქცია გაიტანა და იქიდან $2 მლრდ-მდე ღირებულების პროდუქცია შემოიტანა.

კალუგინის განცხადებით, ბრიუსელი საქართველოსგან მოითხოვს ევროკავშირის ანტირუსულ სანქციებთან შეერთებას, ენერგეტიკულ ემბარგოს და სატრანსპორტო კავშირების, მათ შორის ავიარეისების შეწყვეტას და არ აღელვებს, რას გამოიწვევს ეს საქართველოს ეკონომიკისთვის, რადგან ევროკავშირისთვის „მთავარია, დააზიანოს რუსეთი თუნდაც საქართველოს ინტერესების ხარჯზე“.

„ეროვნული ინტერესების“ გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლებამ უარი განაცხადა, შეერთებოდა რუსეთისადმი დასავლეთისა და მსოფლიოს სხვა მრავალი ქვეყნის მიერ დაწესებულ სანქციებს, თუმცა იცავს სასანქციო რეჟიმს.

რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას, საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ქვეყანა ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის პირობებშიც კი „მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიჰყვება“.


კალუგინმა რუსეთს და საქართველოს „ბუნებრივი პარტნიორები“ უწოდა და განაცხადა, რომ მზად არიან, თბილისთან თანამშრომლობა მომავალშიც განავითარონ და „კონსტრუქციულად გადაწყვიტონ პრაქტიკული საკითხები“. მისივე თქმით, იმედია, საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც იხელმძღვანელებს თავისი ხალხის ინტერესებით და არავის მისცემენ „რუსეთთან კონფრონტაციაში რესპუბლიკის ჩათრევის“ შესაძლებლობას.

საქართველოს შესახებ ამ განცხადებებამდე, კალუგინმა „ტასთან“ ინტერვიუში ილაპარაკა საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებული და „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ გამოცხადებული ორი რეგიონის, აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მხარდაჭერის პოლიტიკის გაგრძელებაზე, რაც „რუსეთის ინტერესებს პასუხობს“ და მათ „მოკავშირეები“ უწოდა.

სომხეთთან დაკავშირებით

რაც შეეხება სომხეთს, კალუგინის განცხადებით, „ეგრეთ წოდებული ევროპული გზით“ სომხეთის სვლა რაღაც მომენტში გამოიწვევს სისტემურ ცვლილებებს რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანახმად, ევროკავშირის ინტერესია არა სომხეთზე ან ზოგადად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე ზრუნვა, არამედ რუსეთთან დაპისირპირებაში საკუთარი გეოპოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტა. კალუგინმა ხაზი გაუსვა სომხეთის წევრობას „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ და განაცხადა, რომ „ორ სკამზე დარჩენა არ გამოვა“.

შეკითხვას, რის შეთავაზება შეუძლია რუსეთს სომხეთისთვის, კალუგინმა უპასუხა, რომ რუსეთი უკვე მრავალი წელია „რეალურად და ეფექტიანად უზრუნველყოფს სომხეთის სტაბილურობას და უსაფრთხოებას“, მისი მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორიცაა და სომხეთის „ენერგეტიკული და სასურსათო უსაფრთხოების გარანტია“.

ფაშინიანის განცადებით, სომხეთს „ცალსახად“ სურს ევროკავშირში ინტეგრაცია, რისთვისაც ქვეყანა იმუშავებს - იმუშავებს ევროკავშირის სტანდარტების დამაკმაყოფილებელ ქვეყნად გარდაქმნაზე, ხოლო თუ ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, მაინც მოგებული დარჩება მაღალი სტანდარტებისა და განვითარების გამო.

მისი თქმითვე, როდესაც ევრაზიულ კავშირში წევრობა ამ გზასთან წინააღმდეგობაში მოვა, არჩევანი სომეხი ხალხის ჩართულობით იქნება მიღებული.

კონტექსტი

  • სომხეთის რესპუბლიკამ, რომელიც წლების განმავლობაში რუსეთის მოკავშირე იყო, ნიკოლ ფაშინიანის პრემიერობის პერიოდში, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, აირჩია დასავლეთთან დაახლოების კურსი;
  • 4-5 მაისს ერევანში გაიმართა „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ (EPC) სამიტი და ასევე სომხეთისა და ევროკავშირის ორმხრივი სამიტი;
  • ერევანში იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რამაც კრემლი ასევე გააღიზიანა.
  • 7 მაისს გაირკვა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში არ გაემგზავრებოდა გამარჯვების დღის, 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად. მიზეზად ფაშინიანმა საარჩევნო სამზადისი დაასახელა. ერთ თვეში სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია.
  • მიმდინარე კვირაში ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის რესპუბლიკის საქმეთა დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა;
  • ნოტის გადაცემას წინ უძღოდა მინსკის მიერ სომხეთის პარლამენტის სპიკერის, ალენ სიმონიანის მკაცრი კრიტიკა მის მიერ ბელარუსის რუსეთის „გუბერნიად“ მოხსენიების გამო.
  • „ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სომხეთი გუბერნიად იქცეს. ჩვენ ვერ გვმართავენ ისე, როგორც ბელარუსს“, - თქვა ალენ სიმონიანმა.


აზერბაიჯანთან ურთიერთობებზე საუბრისას კალუგინმა ახსენა სამთავრობო კონტაქტები სხვადასხვა დონეზე და ერთობლივი პროექტები, მათ შორის თანამშრომლობა „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის დასავლეთის განშტოების განვითარების მიზნით - კასპიის ზღვის გასწვრივ რუსეთიდან აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ირანისკენ. კალუგინმა ამ პროექტს „მთელი ევრაზიისთვის სტრატეგიული“ უწოდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG