Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმის თავმჯდომარე სომხეთს: ყველაფერი სწორედ ასე იწყებოდა უკრაინაში

სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი
სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი (მარცხნივ) და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი

„დღეს ყველასთვის ცხადი გახდა კითხვა, როგორ განვითარდება ურთიერთობები ფაშინიანის ასეთი ქმედებების შემდეგ? უფრო დაახლოვდებიან ჩვენი სახელმწიფოები თუ დასცილდებიან ერთმანეთს? ნაკლები დაძაბულობა იქნება ჩვენს ურთიერთობებში თუ მეტი? უფრო მეორე. უნებურად ჩნდება პარალელი: ყველაფერი სწორედ ასე იწყებოდა უკრაინაში“, - სოციალურ ქსელ „მაკსში“ წერს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი.

ის აღნიშნავს, რომ სომხეთის ხალხთან რუსეთს „ერთ-ერთი ყველაზე ახლო და კარგი ურთიერთობები“ აქვს და რომ რუსეთში „სომხები სხვა ეროვნებებთან თანასწორად რეალიზდებიან, იკავებენ თანამდებობებს, არჩეული არიან დეპუტატებად, რითაც ეხმარებიან თავიანთ ნათესავებსა და ახლობლებს სომხეთში“.

სომხეთი დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ და მას მოსკოვის წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმაში დასდო ბრალი და რუსეთისგან მიღებული დახმარება შეახსენა.

9 მაისს ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა:

"სომხეთის გეგმები ევროკავშირში გაწევრიანებაზე - ეს, რა თქმა უნდა, მოითხოვს განსაკუთრებულ განხილვას. ამაზე არაერთხელ ვიმსჯელეთ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ერთად. სინამდვილეში, თავადაც დაადასტურებს, მას უკვე რამდენჯერმე ვუთხარი და საჯაროდაც შემიძლია გავიმეორო, რომ მხარს დავუჭერთ ყველაფერს, რაც სომხეთის ხალხს წაადგება.

...ჩემი აზრით, როგორც სომხეთის მოქალაქეების, ისე ჩვენი, როგორც მთავარი ეკონომიკური პარტნიორის მიმართ, მართებული იქნებოდა რაც შეიძლება დროულად გარკვევა, მაგალითად - რეფერენდუმის ჩატარება. ეს ჩვენი საქმე არ არის, მაგრამ, პრინციპში, სავსებით ლოგიკური იქნებოდა რეფერენდუმის ჩატარება და სომხეთის მოქალაქეებისთვის კითხვის დასმა, როგორი იქნებოდა მათი არჩევანი. ამის მიხედვით გამოვიტანდით შესაბამის დასკვნებს და წავიდოდით რბილი, ინტელიგენტური, ურთიერთსარგებლიანი გაყრის გზით.

ჩვენ ახლა განვიცდით ყველაფერს, რაც უკრაინის მიმართულებაზე ხდება. და საიდან დაიწყო? - უკრაინის ევროკავშირში შესვლითა თუ შესვლის მცდელობით".

პუტინის ამ განცხადებიდან ორ დღეში, ნიკოლ ფაშინიანმა პუტინის ინიციატივას საჯარო უარით უპასუხა და განმარტა, რომ რეფერენდუმი მხოლოდ "ობიექტური საჭიროებისას" ჩატარდება. ფაშინიანმა განმარტა, რომ არც ახლა და არც უახლოეს მომავალში არ განიხილავს ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლას.

ფაშინიანი პუტინს "არ დაეთანხმა" ტერმინ "განქორწინების" გამოყენებაში, რაც სომხეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს არ შეეფერება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG