მანვე პუტინთან დისტანციური ჩართვისას დააზუსტა: „სარაკეტო კომპლექს „სარმატის“ გაშვების დადებითი შედეგები საშუალებას მოგვცემს, მიმდინარე წლის ბოლომდე კრასნოიარსკის მხარის უჟურის ფორმირებაში საბრძოლო მზადყოფნაში მოვიყვანოთ პირველი სარაკეტო პოლკი, რომელიც აღნიშნული სარაკეტო კომპლექსით იქნება აღჭურვილი“.
რუსეთის პრეზიდენტმა საპასუხოდ განაცხადა, რომ „სარმატი“ არის „მსოფლიოში უმძლავრესი სარაკეტო კომპლექსი, რომელიც სიმძლავრით არ ჩამოუვარდება ჩვენს შეიარაღებაში არსებულ სარაკეტო კომპლექს „ვოევოდას“, ჯერ კიდევ საბჭოთა წარმოებისას. მიწოდებული ქობინის საერთო სიმძლავრე ოთხჯერ აღემატება ნებისმიერი არსებული დასავლური ანალოგის სიმძლავრეს“.
ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ რაკეტას შეუძლია გადაადგილება „არა მხოლოდ ბალისტიკურ, არამედ სუბორბიტალურ ტრაექტორიაზეც“.
ვიდეოჩანაწერში, რომელიც კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა, რუსეთის პრეზიდენტი ლაპარაკობს ბირთვული ძალების განვითარების პროგრამის რეალიზაციაზეც და ამ მონაკვეთში აღიარებს რაკეტა „კინჟალის“ ნაკლოვანებასაც:
„2004 წელს დაიწყო მუშაობა კონტინენტთაშორისი სიშორის სარაკეტო კომპლექს „ავანგარდზე“, 2019 წლიდან ის უკვე საბრძოლო მზადყოფნაშია. შემდეგ გვქონდა საჰაერო ბაზირების საშუალო სიშორის ზებგერითი რაკეტა „კინჟალი“, რომელიც 2017 წლიდან არის საბრძოლო მზადყოფნაში. ის უკვე გამოიყენება სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში, თუმცა გრძელდება მუშაობა მის სრულყოფაზე, მათ შორის სიზუსტის გასაუმჯობესებლად, არაბირთვული აღჭურვით. 2025 წლიდან საბრძოლო მზადყოფნაშია საშუალო მანძილის სახმელეთო ბაზირების სარაკეტო კომპლექსი “ორეშნიკი“, რომელიც ასევე შეიძლება აღიჭურვოს ბირთვული ქობინებით. ბოლო ფაზაშია მუშაობა მცირე ბირთვული ძრავის მქონე ორ კომპლექსზე: ესენია უნიკალური უპილოტო წყალქვეშა აპარატი „პოსეიდონი“ და გლობალური სიშორის უნიკალური ფრთოსანი რაკეტა „ბურევესტნიკი“. ახლა კი "სარმატი"“.
„სარმატის“ გამოცდა 12 მაისს არხანგელსკის ოლქის პლესეცკის კოსმოდრომიდან განხორციელდა.
კრემლი გამუდმებით ცდილობს უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარით შეარყიოს. დასავლელი ანალიტიკოსების თქმით, პუტინის განცხადებები ახალი თაობის ბირთვულ იარაღზე გაზვიადებულია.
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მეხუთე წელიწადს, 2026 წლის 9 მაისის აღლუმი რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო ტექნიკის გარეშე ჩაატარა, რაც უსაფრთხოების ზომებითა და უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიმდინარეობით ახსნა.
აღლუმის მზადებისას აშშ-ის პრეზიდენტის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის მოკლევადიანი ზავი იქნა მიღწეული, უკრაინის პრეზიდენტმა კი გამოსცა ბრძანებულება, რომელშიც ეწერა: „ამერიკულ მხარესთან 2026 წლის 8 მაისის მოლაპარაკებებში ჰუმანიტარული მიზნით გამოხატული მრავალი თხოვნის გათვალისწინებით, ვადგენ: 1. ნებადართული იყოს 2026 წლის 9 მაისს ქ. მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) აღლუმის გამართვა".
ფორუმი