Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო პატრიარქი და კათოლიკე ეპისკოპოსი ჯუზეპე პატრიარქობას ულოცავენ შიო მესამეს

რელიგიური ლიდერები შიო მესამეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავენ
რელიგიური ლიდერები შიო მესამეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავენ

რელიგიური ლიდერები საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას ულოცავენ შიო მესამეს, - წარსულში სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირს).

შიო მესამემ მილოცვა მიიღო, მათ შორის, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსისგან და საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსისგან, ჯუზეპე პაზოტოსგან.

ბართლომეოსის მილოცვა

მსოფლიო პატრიარქი, კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი ბართლომეოსი შიო მესამეს სწერს, რომ მისი აღსაყდრების შესახებ ცნობა დიდი სიხარულით მიიღო როგორც პირადად მან, ასევე მსოფლიო საპატრიარქოს ყველა მსახურმა.

„დიდი სიხარულით მივიღეთ სასიხარულო ამბავი თქვენ უნეტარესობის ღირსეულად არჩევის შესახებ სრულიად საქართველოს უძველეს და გამორჩეულ საპატრიარქო ტახტზე, გარდაცვლილი და მარადის ხსოვნის კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის შემდეგ, - ილია მეორისა, რომელმაც ბრწყინვალე და ისტორიული სამსახური გაუწია საქართველოს ღვაწლმოსილ ეკლესიას და მთელს მართლმადიდებლობას“, - სწერს ბართლომეოსი შიო მესამეს.

იგი გულითადად ულოცავს პატრიარქს და უსურვებს, „ხანგრძლივ, კურთხეულ და ნაყოფიერ წინამძღვრობას ღვთის სადიდებლად, ღვთისმოსავი სამწყსოს საკეთილდღეოდ, ქართველ ხალხთა შორის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის“.

მისი თქმით, შიო მესამეს ასევე უსურვებს მსოფლიო საპატრიარქოსთან და მართლმადიდებელი ეკლესიების სხვა წინამძღვრებთან ჰარმონიულ თანამშრომლობას. „აქსიოს“, - ასე ასრულებს მსოფლიო პატრიარქი წერილს.

ჯუზეპე პაზოტოს მილოცვა

საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ 13 მაისს იტალიიდან, ქალაქ ვერონიდან მიულოცა აღსაყდრება ახალ პატრიარქს.

„სულიერი სიხარულითა და ღრმა პატივისცემით ვუერთდები იმ მილოცვათა ნაკადს, ყოველი მხრიდან რომ მოედინება თქვენკენ საქართველოს 142-ე კათოლიკოს-პატრიარქად არჩევისა და აღსაყდრების გამო“, - სწერს იგი შიო მესამეს.

„პირადად ჩემი და ჩემზე მონდობილი სამწყსოს სახელით გიდასტურებთ პატივისცემას და გარწმუნებთ, ძმური ლოცვით შეგეწევით თქვენს ამ საპასუხისმგებლო მისიის შესრულებაში, რაც იტვირთეთ. საქართველოსა და ქართველ კათოლიკეთა ოჯახი იგულეთ იმ და-ეკლესიად, რომელსაც გააზრებული აქვს ჩვენი მაცხოვრისაგან დანატოვარი საერთო მისია სასუფევლის საშენებლად და გქონდეთ ჩვენი სიტყვისა და საქმის იმედი“, - ვკითხულობთ წერილში.

„ჩვენ ერთად ვართ მოწოდებულნი, ვიყოთ ქრისტეს ერთი სახარების მოწმენი სამყაროში, სადაც განხეთქილება და გაურკვევლობა სუფევს. ამ ქრისტიანული ძმობის სულისკვეთებით, ვიმედოვნებ, რომ გზა, რომელსაც შეუდგებით, იქნება შეხვედრის, დიალოგისა და საერთო მოწმობის შესაძლებლობა.

ვითხოვთ თქვენს უწმიდესობაზე სულიწმიდის მადლის სიუხვეს — სიბრძნეს საწინამძღვროდ, სიმტკიცეს გამძლეობისთვის, მშვიდობას, რომელსაც სოფელი ვერც იძლევა და ვერც გვართმევს, რათა თქვენი პატრიარქობა ნაყოფიერი გახდეს კურთხევით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, მთელი საქართველოსთვის და კავკასიის ქრისტიანული ოჯახის სისავსისათვის“, - წერს იგი.

13 მაისს შიო მესამეს საჯარო მილოცვები გაუგზავნეს აშშ-ის, ევროკავშირის, შვეიცარიისა და ჩეხეთის საელჩოებმა, გერმანიის ელჩმა, ასევე შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციამ.

  • საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე პატრიარქი, ილია II 17 მარტს მრავალპროფილურ კლინიკაში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა;
  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ შიო მუჯირი ილია მეორემ 2017 წლის 23 ნოემბერს გამოარჩია;
  • ილია მეორეს გარდაცვალების შემდეგ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე, 2026 წლის 11 მაისს საქართველოს 142-ე პატრიარქად საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) აირჩიეს.
  • ახალარჩეულ პატრიარქს შიო III ეწოდა.
  • შიო მესამეს პატრიარქად არჩევა მიულოცეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, დიპლომატებმა, ასევე სასულიერო პირებმა.
  • შიო მესამეს არჩევა მიულოცა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG