სერბეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს სერბეთი-ნატოს პირველი ერთობლივი სამხედრო წვრთნები. სწავლება ნატოს პროგრამის, „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ ფარგლებში ტარდება.
სერბეთის და ნატოს წევრი იტალიის, რუმინეთის და თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა ერთობლივი სწავლება ოფიციალურად 12 მაისს გაიხსნა და 23 მაისს დასრულდება.
სერბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნებში 600-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. წვრთნებს მეთვალყურის სტატუსით ესწრებიან ნატოს წევრი დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის და მონტენეგროს წარმომადგენლებიც.
ერთობლივი სწავლება სერბეთის არმიის სამხრეთის ბაზაზე და ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ბუიანოვიცთან მდებარე პოლიგონზე მიმდინარეობს.
სერბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სწავლება, რომელიც ნატოსთან ურთიერთმომგებიანი და გამჭვირვალე თანამშრომლობის ნაწილია, სერბეთის სამხედრო ნეიტრალიტეტის გათვალისწინებით ტარდება.
- სერბეთი ბალკანეთზე მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით ნატოს წევრი არ არის, რასაც ხელისუფლება ნეიტრალიტეტის პოლიტიკით ხსნის. ამასთან, სერბეთი თითქმის 20 წელია ჩართულია ნატოს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ და სხვა ქვეყნებში გამართულ სწავლებებში მონაწილეობს. სერბეთს მეგობრული ურთიერთობები აქვს რუსეთთან.
1999 წლიდან, როცა კოსოვოში ომის გამო ნატოს ძალებმა სერბეთი დაბომბეს, ალიანსთან თანამშრომლობა სერბეთში მგრძნობიარე საკითხია.
კოსოვოში, რომელსაც ბელგრადი სახელმწიფოდ არ აღიარებს, ნატოს ხელმძღვანელობით განთავსებულია საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტი.
ფორუმი