ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით კიკაბიძემ დაასახელა ლევან მარღიას და ნოდარ შუკაკიძის სახელები და თქვა, რომ ისინი „პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ე.წ. ქურდული წესების შესაბამისად, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური და კრიმინალური სახის დავებზე იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რის შემდეგაც მხარეებს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი, ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“.
„დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, თბილისის სხვადასხვა უბანში ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ, არჩევდნენ კონკრეტულ პირებს და მათი ნების საწინააღმდეგოდ, ინტერნეტ ბანკის საშუალებით ააქტიურებინებდნენ სესხებს, რის შემდეგაც საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას“, - თქვა პოლიციის მაღალჩინოსანმა.
ამოღებული ნივთები
ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ამოიღო იარაღები, მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა „რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ე.წ. „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ“.
მოსალოდნელი სასჯელი
„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მხილებულ პირებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა (უკანონო ფორმირებების შექმნა), 236-ე მუხლებით (ჯგუფური მოქმედებების ორგანიზება) მიმდინარეობს.
ფორუმი