Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეკინში გაიმართა სი ძინპინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა

ჩინეთის და აშშ-ის პრეზიდენტების, სი ძინპინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა 14 მაისს პეკინში გაიმართა
ჩინეთის და აშშ-ის პრეზიდენტების, სი ძინპინის და დონალდ ტრამპის შეხვედრა 14 მაისს პეკინში გაიმართა

14 მაისს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინში შეხვდა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს. სახალხო კრების(პარლამენტი) შენობაში მოლაპარაკება დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

შეხვედრის წინ დონალდ ტრამპს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. აშშ-ის პრეზიდენტს ჩინეთის დედაქალაქში სამხედრო პატივით დახვდნენ.

მოლაპარაკების დაწყების წინ დონალდ ტრამპმა სი ძინპინს მიმართა, რომ დიდი პატივია იყოს მისი მეგობარი, სის დიდი ლიდერი უწოდა და განაცხადა, რომ ჩინეთს და აშშ-ს ექნებათ იმაზე უკეთესი ურთიერთობა, ვიდრე ოდესმე და ფანტასტიკური საერთო მომავალი. თავის მხრივ, სი ძინპინმა თქვა, რომ აშშ და ჩინეთი პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები, რაც მომგებიანია არა მხოლოდ ორი სახელმწიფოს, არამედ მთელი მსოფლიოსთვისაც.

აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი, თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და კომპანიების, Tesla-ს და Apple-ის ხელმძღვანელები, ილონ მასკი და ტიმ კუკი.

დონალდ ტრამპი პეკინში სახელმწიფო ვიზიტით 13 მაისს ჩავიდა. ტრამპი ჩინეთში ვიზიტით იმყოფებოდა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც, 2017 წელს.

14 მაისს სი ძინპინმა დონალდ ტრამპს პეკინში დაათვალიერებინა მე-15 საუკუნის ძეგლი, ცის ტაძარი.

BBC-ს კორესპონდენტის ცნობით, სი ძინპინი იღიმებოდა, დონალდ ტრამპი კი გიდს ყურადღებით უსმენდა. შემდეგ ჩინეთის მეთაურმა აშშ-ის პრეზიდენტი მიიყვანა ადგილთან, სადაც კამერებთან ორი მამაკაცი იდგა (სავარაუდოდ, სახელმწიფო მედიის წარმომადგენლები).

მათ ტრამპს ჰკითხეს, როგორ მიმდინარეობდა მოლაპარაკება და ისაუბრეს თუ არა ტაივანზე. აშშ-ის პრეზიდენტმა მოლაპარაკებას შესანიშნავი უწოდა, ტაივანზე შეკითხვისთვის კი პასუხი არ გაუცია და საუბარი განაგრძო იმაზე, თუ რა შესანიშნავია ტაძარი და თავად ჩინეთი.

  • სახელმწიფოდ ნაწილობრივ აღიარებულ ტაივანს ჩინეთი თავის მეამბოხე პროვინციად მიიჩნევს. აშშ-ის წინა, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ტაივანის აქტიური მხარდამჭერი იყო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 14 მაისს განაცხადა, რომ სი ძინპინმა დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა და თუ სათანადოდ გადაწყდება, ორმხრივი ურთიერთობები სტაბილური იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთსა და აშშ-ს შორის იქნება კონფლიქტი, რაც საფრთხეს შეუქმნის მთელ ორმხრივ ურთიერთობებს.





ფორუმი

XS
SM
MD
LG