Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელ ფეხბურთელებს ამერიკის ვიზა ჯერ არ მიუღიათ მსოფლიო ჩემპიონატზე წასასვლელად

ირანის საფეხბურთო ნაკრები. 25 მარტი, 2025 წელი
ირანის საფეხბურთო ნაკრები. 25 მარტი, 2025 წელი

ირანის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარემ 14 მაისს განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრებისთვის აშშ-ში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მისაღებად ვიზები ჯერ არ გაცემულა, იტყობინება სახელმწიფო მედია.

„ხვალ ან ზეგ FIFA-სთან გადამწყვეტი შეხვედრა გვექნება. მათ გარანტიები უნდა მოგვცენ, რადგან ვიზის საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი“, - მოჰყავს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ფედერაციის ხელმძღვანელ მეჰდი თაჯის სიტყვები.

„ჩვენ არ მიგვიღია მეორე მხრიდან არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის მისცეს ვიზები. ჯერ არცერთი ვიზა არ გაცემულა“, - დასძინა მან.

ტაჯის თქმით, ფეხბურთელები, სავიზო პროცესის ფარგლებში, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში უნდა ჩასულიყვნენ თითის ანაბეჭდის ასაღებად.
„მოთამაშეები თითის ანაბეჭდის ასაღებად ანკარაში უნდა ჩავიდნენ, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, ისე მოვახერხოთ, რომ ეს ანტალიაში მოხდეს, ანკარაში ჩასვლა რომ არ იყოს საჭირო“, - თქვა მან.

28 თებერვლიდან შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ომი გააჩაღეს ირანთან, თუმცა 8 აპრილიდან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს.

თეირანსა და ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობები 1980 წლიდან გაწყვეტილი აქვთ აშშ-ის საელჩოში მძევლების კრიზისის შემდეგ, რაც მოხდა ისლამური რევოლუციის შემდეგ, როცა დაამხვეს შაჰი, რომელსაც აშშ უჭერდა მხარს.

13 მაისს ირანმა ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გაცილების ცერემონია გამართა. ნაკრები ემზადებოდა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სათამაშოდ, რომელსაც შეერთებული შტატები, მექსიკა და კანადა ერთობლივად მასპინძლობენ.

ირანის ეროვნული ნაკრები, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც TeamMelli, მსოფლიო ჩემპიონატის დროს არიზონას შტატის ქალაქ ტუსანში იქნება გაჩერებული.

ირანელები მსოფლიო ჩემპიონატში ჩაერთვებიან 15 ივნისს, ლოს-ანჯელესში ახალი ზელანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ, ხოლო შემდეგ G ჯგუფში ბელგიასა და ეგვიპტეს დაუპირისპირდებიან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG