დღეს, 15 მაისს, კიშინიოვში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიის ფარგლებში უკრაინისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრა გამართეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ შეხვედრის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის უკრაინელ კოლეგასთან, ანდრიი სიბიჰასთან შეხვედრა "წარმოადგენდა ბოლო პერიოდში უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებების წარმომადგენლებს შორის გამართული კომუნიკაციების შემდგომ ნაბიჯს".
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, "საუბარი შეეხო საქართველოს მხრიდან უკრაინის მიმართ თანმიმდევრულ პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ მხარდაჭერას. ამასთან, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებს, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ბოლო წლებში გადადგმულ ნაბიჯებს და იმ პოზიციებს, რაც აბრკოლებს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას.
მხარეებმა დაადასტურეს დიპლომატიური ურთიერთობების გაჯანსაღების მნიშვნელობა და დიალოგის გაგრძელების მზაობა", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.
ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამაც.
"ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მინისტერიალის სხდომაზე ჩემს ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა", - წერს ის და განმარტავს, რომ საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართული ბოლოდროინდელი დიალოგის პირდაპირი გაგრძელება იყო.
„განვიხილეთ ფართო ორმხრივი დღის წესრიგი, ჩვენი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებში, კერძოდ, სუამში, და უახლესი პოლიტიკური დინამიკა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ სივრცეში ევროპიდან სამხრეთ კავკასიამდე. ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართული დიალოგის განვითარებას“, - წერს სიბიჰა.
სუამი - ორგანიზაცია საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარებისთვის. სუამი 1997 წელს შეიქმნა. ორგანიზაციაში 1999-2005 წლებში უზბეკეთიც შედიოდა. იმჟამად ორგანიზაციის აბრევიატურა იყო სუუამი.
მაკა ბოჭორიშვილი დღეს, 15 მაისს, კიშინიოვში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
ის ასევე შეხვდა ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, ქსავიე ბეტელს, სერბეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, მარკო ჯურიჩს.
რა ხდება მოლდოვაში
14-15 მაისს კიშინიოვში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა იმართება.
სხდომაში მონაწილეობენ წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლები.
როგორც ევროპის საბჭოს გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, მინისტრთა კომიტეტი პასუხისმგებელია პრიორიტეტების განსაზღვრაზე, გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მიღებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობასა და ორგანიზაციის სტანდარტებისა და ვალდებულებების ეფექტური განხორციელების უზრუნველყოფაზე თავის წევრ სახელმწიფოებში.
შეხვედრაზე აფასებენ ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობის მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, ასევე მსჯელობენ ევროპის კონტინენტის ახალი გამოწვევების გადაჭრის გზებზე.
სიბიჰას და ბოჭორიშვილის შეხვედრა და სატელეფონო საუბარი
სიბიჰამ და ბოჭორიშვილმა 6 მაისს, ერევანში შეხვედრიდან ორ დღეში, სატელეფონო საუბარი გამართეს.
საქართველოს საგარეო უწყების პრესცენტრის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელეფონო საუბარი უკრაინული მხარის ინიციატივით გაიმართა.
ერევანში შეხვედრების შემდეგ
კიევისა და თბილისის ურთიერთობაში კომუნიკაციის ასეთი ინტენსივობა უმაღლეს დიპლომატიურ დონეზე სიახლეა, ბოლო წლებში არსებული უთანხმოებების გათვალისწინებით.
უკრაინასა და საქართველოს ამჟამად არ ჰყავთ ელჩები თბილისსა და კიევში - დიპლომატიური ურთიერთობები მათ შორის დროებითი რწმუნებულების დონეზეა.
4 მაისს ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
ფორუმი