Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასაცილოა სააკაშვილის ამ კონტექსტში განხილვა - კობახიძე კიევი-თბილისის მოლაპარაკებებზე

„გვინდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში“, - განაცხადა წინა კვირას მიხაილო პოდოლიაკმა.
„გვინდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში“, - განაცხადა წინა კვირას მიხაილო პოდოლიაკმა.

„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი თბილისი-კიევის ბოლოდროინდელი გახშირებული კონტაქტებისას საუბრის თემა არ ყოფილა.

2026 წლის 15 მაისს ჟურნალისტების კითხვაზე, - „სააკაშვილზე არ უსაუბრია თქვენთან არავის [უკრაინიდან], მათ შორის არც ზელენსკის?“ - ირაკლი კობახიძემ უპასუხა:

„ჩვენთვის ვერ იქნება ასეთი თემები საინტერესო“.

„ჯერ საერთოდ სასაცილოა სააკაშვილის ამ კონტექსტში განხილვა, რომელიც არის ეთნიკურად ქართველი და რომელმაც ჯერ უკრაინას დაუშავა ბევრი რამ, ხოლო უფრო ადრე - დაუშავა საქართველოს ბევრი რამ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან მიხეილ სააკაშვილს „კრიმინალი" უწოდა და განაცხადა: „ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს არ აქვს ერთწლიანი და ორწლიანი ისტორია. ასეთ პირობებში, ეთნიკურად ქართველი კრიმინალის განხილვა რაიმე სახის წინაპირობად, არის სრულიად გამორიცხული“, - თქვა პრემიერმა.

მანამდე, სანამ სააკაშვილზე დაზუსტებას სთხოვდნენ, განაცხადა: „ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა თემასთან დაკავშირებით ვიმსჯელოთ, წინაპირობებით ჩვენ ერთმანეთს ვერ ვესაუბრებით. უნდა შედგეს უბრალოდ ჯანსაღი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით“.

თბილისი-კიევის ურთიერთობა და სააკაშვილის საკითხი

  • 15 მაისს მოლდოვაში გამართეს შეხვედრა საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრიი სიბიჰამ.
  • ეს ბოლო ორ კვირაში ორი ქვეყნის მინისტრების რიგით მესამე საუბარია (სატელეფონო საუბრის ჩათვლით), - რაც 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ არ მომხდარა.
  • 4 მაისს ერევანში ერთმანეთს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი ის ფაქტორია, რაც უკრაინა-საქართველოს ურთიერთობებს განაპირობებს. იგი უკრაინის მოქალაქეა და მაღალ თანამდებობას იკავებდა პრეზიდენტ ზელენსკის გუნდში.

სწორედ მიხეილ სააკაშვილის საკითხი - მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება - დაასახელა კიევმა მიზეზად, როდესაც 2023 წელს უკრაინაში მყოფ საქართველოს ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა.

კიევი-თბილისის ბოლოდროინდელი კონტაქტების შემდეგ, 2026 წლის 8 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა:

  • „ტვ პირველთან" ისაუბრა თბილისსა და კიევს შორის ბოლო პერიოდში მაღალ დონეზე კონტაქტების აღდგენის ნიშნებზე და ახსენა „ჰუმანიტარული საკითხებიც“;
  • „ჰუმანიტარული მოტივებიდან გამომდინარე, ისტორიული პერსპექტივიდან გამომდინარე, გვინდა, რომ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში“, - განაცხადა მან. ალტერნატივად სააკაშვილის სხვა ქვეყანაში გაშვება დაასახელა.
  • „ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, მისი პატიმრობა არ არის საქართველოს პრობლემა, ეს არის რუსეთის ფედერაციის პრობლემა“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

პოდოლიაკმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის გათავისუფლება „ხელს შეუწყობს ურთიერთობების დათბობას არა მხოლოდ უკრაინასთან, ასევე სხვა ევროპულ ქვეყნებთან“.

საქართველოში მიმდინარე სხვადასხვა სასამართლო პროცესის დასრულების შედეგად, სააკაშვილს, რომელიც 2021 წლის 1 ოქტომბრიდანაა დაკავებული, 2034 წლის 1 აპრილამდე უწევს პატიმრობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG