Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა დაადასტურა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებს მისთვის ურანის გადაცემის თაობაზე

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი. მოსკოვი, 18 აპრილი, 2025.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაყჩი. მოსკოვი, 18 აპრილი, 2025.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაყჩიმ დაადასტურა, რომ თეირანი მოსკოვთან წინასწარ კონსულტაციებს აწარმოებდა რუსეთის მხარისთვის გამდიდრებული ურანის შესაძლო გადაცემის შესახებ. ამის შესახებ 15 მაისს იტყობინება არაბულენოვანი ტელეარხი Al Jazeera. არაყჩის სიტყვებით, ირანი დიდად აფასებს რუსეთის მზადყოფნას თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყდება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე აშშ-სთან მოლაპარაკებების უფრო მოგვიანო სტადიაზე. „როცა იმ ეტაპამდე მივალთ, როგორც ჩანს, დამატებით კონსულტაციებს გავმართავთ რუსეთთან და ვნახავთ, შეუძლია თუ არა რუსეთის წინადადებას დახმარება,“ განაცხადა არაყჩიმ. მისი თქმით, ჯერჯერობით ამაზე საუბარი არ არის.

იმის თაობაზე, რომ რუსეთი მზადაა, მიიღოს ირანული ურანი, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა 9 მაისს. მსგავსი სქემა უკვე მოქმედებდა ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეული ხელშეკრულების ფარგლებში. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მისი პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ცალმხრივი წესით გამოვიდა ამ ხელშეკრულებიდან.

ამასობაში ირანული საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ი, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან არის დაკავშირებული, ყალბი უწოდა დასავლეთის პრესაში გაჩენილ ცნობებს, რომ თითქოს თეირანი უკვე პრინციპულად დათანხმდა ურანის გატანას ქვეყნიდან. ზოგიერთი ამერიკული მედიასაშუალება იტყობინებოდა, რომ ირანი მზად არის ურანის მარაგის ნაწილი გადასცეს მესამე ქვეყანას იმ პირობით, თუ მას უკან დააბრუნებენ აშშ-სთან მოლაპარაკებების ჩავარდნის შემთხვევაში.

ვაშინგტონმა თეირანს გადასცა 14 პუნქტისგან შემდგარი სამშვიდობო გეგმა. სხვა საკითხებთან ერთად ის ითვალისწინებს ბირთვულ იარაღზე ირანის სრულ უარს, ურანის გამდიდრების შეჩერებას 12 წლით და 60%-ით გამდიდრებული დაახლოებით 440 კგ ურანის დათმობას.

საპასუხოდ აშშ მზად არის ეტაპობრივად გააუქმოს სანქციები და გამოათავისუფლოს ირანის აქტივები. ტრამპმა ამ პირობებზე ირანის პასუხს „სრულიად მიუღებელი“ უწოდა.

ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომი 28 მაისს დაიწყო. ორივე მხარე რეგულარულად არღვევს პაკისტანის შუამავლობით აპრილში მიღწეულ საზავო შეთანხმებას. აშშ-ის ფლოტს 13 აპრილიდან დაბლოკილი აქვს ირანის პორტები, ირანის უპილოტო აპარატები კი გამუდმებით ესხმიან თავს გემებს ჰორმუზის სრუტეში და სხვადასხვა ობიექტს სპარსეთის ყურეში.

პარალელურად ლიბანში გრძელდება საბრძოლო მოქმედებები ისრაელის არმიასა და ირანთან დაკავშირებულ შიიტურ დაჯგუფება ჰეზბოლას შორის.


ფორუმი

XS
SM
MD
LG