Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკჯგუფი Pussy Riot რუსეთში "ტერორისტებისა და ექსტრემისტების" სიაში შეიყვანეს

Pussy Riot-ის წევრი უკრაინის დროშით ვენეციის ბიენალეზე რუსეთის პავილიონის წინ. ვენეცია, 6 მაისი, 2026.
Pussy Riot-ის წევრი უკრაინის დროშით ვენეციის ბიენალეზე რუსეთის პავილიონის წინ. ვენეცია, 6 მაისი, 2026.

პანკჯგუფი Pussy Riot-ი ტერორისტებისა და ექსტრემისტების ჩამონათვალში შეიყვანეს. ამას მოწმობს „როსფინმონიტორინგის“ განახლებული სია.

2025 წლის დეკემბერში ჯგუფი რუსეთში „ექსტრემისტულ ორგანიზაციად“ გამოცხადდა. Pussy Riot-ის ექსტრემისტულად გამოცხადების მოთხოვნით სარჩელი გენერალურმა პროკურატურამ შეიტანა ნოემბერში. სააგენტომ სარჩელი იმ ფაქტს დააფუძნა, რომ ჯგუფის წევრებმა გამართეს „რამდენიმე აქცია, რომლებიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო უსაფრთხოებას“, მათ შორის „ცეკვა ქრისტე მაცხოვრის ტაძარში და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე მოედანზე გამოვარდნა მოსკოვში“.

Pussy Riot ფემინისტური პანკჯგუფია, რომელიც ცნობილი გახდა რუსეთში 2011-2012 წლების საპროტესტო აქციების დროს. მისი ცნობილი აქცია იყო ე.წ. პანკლოცვა „ღვთისმშობელო, განდევნე პუტინი“ მოსკოვის ქრისტე მაცხოვრის ტაძარში. ჯგუფის ორ წევრს, ნადეჟდა ტოლოკონიკოვას და მარია ალიოხინას, ორწლიანი პატიმრობა მიესაჯათ ხულიგნობის ბრალდებით. შემდგომში Pussy Riot-მა გამართა საპროტესტო აქციები, რომლებზეც რუსეთის მთავრობას და უკრაინის წინააღმდეგ ომს აკრიტიკებდნენ საზღვარგარეთ, სადაც ამჟამად ცხოვრობს ჯგუფის წევრების უმეტესობა. Pussy Riot-ს არ ჰყავს მუდმივი შემადგენლობა და ის ფუნქციონირებს არა როგორც მუსიკალური ჯგუფი, არამედ როგორც აქტივისტების თანამეგობრობა.

წელს, სექტემბერში, მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ Pussy Riot-ის ხუთ წევრს დაუსწრებლად მიუსაჯა რვიდან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა რუსული არმიის შესახებ ე.წ. ფეიკების გავრცელებისთვის. მარია ალიოხინას 13 წლით, ტასო პლეტნერს 11 წლით, ხოლო ოლგა ბორისოვას, დიანა ბურკოტს და ალინა პეტროვას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ადვოკატების მეშვეობით ყველა ბრალდებულმა უდანაშაულოდ ცნო თავი.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2022 წლის ომის საწინააღმდეგო მუსიკალური ვიდეოს „დედა, ტელევიზორს ნუ უყურებ“ და 2024 წლის 18 აპრილს მიუნხენის მუზეუმ Pinakothek der Moderne-ში გამართული წარმოდგენის გამო. წარმოდგენის დროს Pussy Riot-ის წევრებმა გააკრიტიკეს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ვლადიმირ პუტინს სამხედრო დამნაშავე უწოდეს.

მაისის დამდეგს Pussy Riot-ის წევრებმა უკრაინული ფემინისტური მოძრაობა Femen-ის აქტივისტებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს ვენეციის ბიენალეში რუსეთის მონაწილეობის წინააღმდეგ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG