Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა გაამარტივა დნესტრისპირელთათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება

საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის პასპორტები "გოზნაკის" სტამბაში. მოსკოვი, 11 ივლისი, 2019.
საილუსტრაციო ფოტო: რუსეთის პასპორტები "გოზნაკის" სტამბაში. მოსკოვი, 11 ივლისი, 2019.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გამარტივების შესახებ. დოკუმენტი გამოქვეყნდა ოფიციალურ იურიდიული ინფორმაციის პორტალზე.

ბრძანებულების თანახმად, მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების უფლება ბრძანებულების ძალაში შესვლის მომენტისთვის მიენიჭათ დნესტრისპირეთში მუდმივად მცხოვრებ ზრდასრულ უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს.

მათთვის რუსეთში ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრების, რუსული ენის, რუსეთის ისტორიისა და რუსეთის კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნის დამადასტურებელი მოთხოვნა გაუქმებულია.

განაცხადების შეტანა შესაძლებელია რუსეთის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულოების მეშვეობით. ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია „ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად“.

დნესტრისპირეთი დე იურე ითვლება მოლდოვის ნაწილად და არ არის აღიარებული გაეროს არცერთი წევრი სახელმწიფოს მიერ. ფაქტობრივად კი, რეგიონში მოქმედებს არაღიარებული „დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა“ საკუთარი მთავრობით, არმიით, ვალუტითა და პასპორტებით.

რუსეთი ოფიციალურად აღიარებს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ დნესტრისპირეთს მხარს უჭერს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო ყოფნით.

დნესტრისპირეთში განლაგებულია რუსეთის სამხედრო კონტინგენტი - რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფი და სამშვიდობო ძალები. ისინი რეგიონში იმყოფებიან 1990-იანი წლებიდან, 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ.

სხვადასხვა შეფასებით, რუსეთის ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით 1200-1500-ია. მოსკოვი თავის სამხედრო ყოფნას კანონიერად მიიჩნევს 1992 წლის შეთანხმებაზე დაყრდნობით. კიშინიოვი კი კონტიგენტს უკანონოს უწოდებს და მის გაყვანას მოითხოვს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG