Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანმა კარაპეტიანს „უტვინო აგენტი“ უწოდა, კარაპეტიანმა კი თქვა: „ერთად დავასრულებთ ბოროტებას“

გარეკანზე: ნიკოლ ფაშინიანი და სამველ კარაპეტიანი
გარეკანზე: ნიკოლ ფაშინიანი და სამველ კარაპეტიანი

სომხეთში გრძელდება დაძაბული წინასაარჩევნო კამპანია - 7 ივნისს საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი. პოლიტიკური ლიდერები მწვავედ აკრიტიკებენ ერთმანეთს.

პარასკევს, 15 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა ერთ-ერთ მეტოქეზე, შინაპატიმრობაში მყოფ სამველ კარაპეტიანზე - რომელსაც საზოგადოებრივი აზრის კვლევები სულ უფრო მეტად აღიქვამენ მთავარ მეტოქედ, თუმცა მნიშვნელოვნად ჩამორჩება „სამოქალაქო კონტრაქტს“ რეიტინგებში, - განაცხადა:

„შენ ხარ უცხოეთის აგენტი. უფრო სწორად, უტვინო აგენტი... მე ვამბობ, რომ უტვინო აგენტებმა ხმები არ უნდა მიიღონ“.

ის პასუხობდა კარაპეტიანისა და სხვა ოპოზიციონერების განცხადებებზე სომხეთში „300 000 აზერბაიჯანელის დაბრუნების“ პერსპექტივაზე.

„შენ არ გესმის, რას აკეთებ. შენ ცდილობ რომ 300 000 აზერბაიჯანელის დაბრუნების საკითხი შემოიტანო სომხეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში“, - საჯაროდ მიმართა ფაშინიანმა კარაპეტიანს.

ბაქოში ამბობენ, რომ აზერბაიჯანელები, რომლებიც 1987-დან 1991 წლამდე გაიქცნენ სომხეთიდან, - საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ეთნიკური კონფლიქტის მომწიფების კვალდაკვალ, - სომხეთში უნდა დაბრუნდნენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მსგავსი რამ - აზერბაიჯანელების სომხეთში დასახლება - საერთოდ არ განიხილება.

თუმცა სომხეთში ოპოზიციური პარტიები ამ საკითხზე ხშირად აპელირებენ. მაგალითად, 2026 წლის 30 აპრილს სამველ კარაპეტიანმა განაცხადა:

  • „ჩვენ სომხეთს ვაქცევთ 10 მილიონი სომეხის სამშობლოდ, ხოლო ფაშინიანს უნდა რომ სომხეთი იყო სამი მილიონი სომეხისა და 300 000 აზერბაიჯანელის სამშობლო“.
  • „მე ვხედავ სიუნიქის დაკარგვის რისკს... ვხედავ სომხეთის გათურქების საფრთხეს, მაგრამ არ ინერვიულოთ. სამაგიეროდ, ჩვენ 300 000 სამუშაო ადგილს შევქმნით სომხეთში“.

ფაშინიანმა მაშინ პასუხად განაცხადა, რომ სომხეთს აზერბაიჯანთან მსგავსი საკითხი არასოდეს განუხილავს და არც მომავალში აპირებს განხილვას.

კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბიზნესმენის ძმისშვილმა ნარეკ კარაპეტიანმა განაცხადა: „უცხოეთის აგენტი კი არა... თქვენ მათს უკან ხედავთ თურქულ ულვაშებს“.

სამველ კარაპეტიანმა, პარტიის შეხვედრაზე ერთ-ერთ რეგიონში ვიდეომიმართვისას განაცხადა: „ჩვენ ერთად დავასრულებთ ბოროტებას. ცვლილებები მოდის. გამარჯვება ახლოსაა. ძლიერი სომხეთი ახლოსაა“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG