Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წუხელ რუსეთმა უკრაინას 300-მდე დრონით შეუტია, დაიღუპა ერთი ადამიანი და ათეულობით დაიჭრა

რუსეთის იერიშის შემდეგ სუმის ოლქში. 16 მაისი, 2026.
რუსეთის იერიშის შემდეგ სუმის ოლქში. 16 მაისი, 2026.

15-16 მაისის ღამით რუსეთის არმიამ უკრაინის წინააღმდეგ გაუშვა 294 სხვადასხვა ტიპის დრონი, რომელთაგან 269 ჩამოაგდეს ან ჩაახშეს. უკრაინის საჰაერო ძალები იტყობინებიან 15 ადგილას 20 დრონის მიზანში მოხვედრისა და ცხრა ადგილას ნამსხვრევების ჩამოვარდნის შესახებ.

ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ოდესის ოლქის სამხრეთში საპორტო ინფრასტრუქტურა დაბომბეს. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ კიპერის თქმით, ერთი დრონი იზმაილში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას მოხვდა, ფასადი დააზიანა და ფანჯრები ჩაამსხვრია. იზმაილის რაიონის 39 დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა, რის შედეგადაც 20 000-ზე მეტი აბონენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.

საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ხერსონის ოლქში თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. დაზიანდა ხუთი საცხოვრებელი კორპუსი, 19 კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობა, სასწრაფო დახმარების მანქანა, მიკროავტობუსები და კერძო მანქანები. დაახლოებით დილის 7 საათზე ხერსონის ცენტრალურ რაიონში დრონმა იერიში მიიტანა მიკროავტობუსზე. მძღოლი დაშავდა და საშუალო სიმძიმის მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოში.

ხარკოვში, კიევის რაიონში, დრონის დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა და ავტოფარეხი დაზიანდა. ქალაქის შევჩენკოს რაიონში დაზიანდა მეტროს სამი შესასვლელი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამი გაჩერება, ელექტროგადამცემი ხაზები, სასწავლო დაწესებულების შენობა და ახლომდებარე შენობების ფანჯრები. მერის, იგორ ტერეხოვის თქმით, ერთი ადამიანი დაშავდა.

რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, ივან ფედოროვის თქმით, დღეს დილით რუსეთმა ზაპოროჟიეზეც დაბომბა. მისი თქმით, ორ მოსახლეს ნამსხვრევებით აქვს მიყენებული ჭრილობები.

სუმის ოლქში რუსეთის დარტყმების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორის, ოლექსანდრ ჰანჟას თქმით, მტრის თავდასხმების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, დაახლოებით 30 მანქანა დაიწვა და კერძო სახლები დაზიანდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG