Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ დნესტრისპირელთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებაზე თქვა, რომ "რუსეთი ახალ ჯარისკაცებს ეძებს"

ვოლოდიმირ ზელენსკი. 2023 წ. აგვისტო.
ვოლოდიმირ ზელენსკი. 2023 წ. აგვისტო.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის მიერ თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესის გამარტივების შესახებ ბრძანებულებაზე და მას „სამაგალითო ნაბიჯი“ უწოდა.

„ეს არა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ახალ ჯარისკაცებს ეძებს - მოქალაქეობას ხომ სამხედრო სამსახურის ვალდებულებაც მოჰყვება - არამედ იმასაც, რომ რუსეთი დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე თავის უფლებებს ამტკიცებს“, განაცხადა ზელენსკიმ 16 მაისს.

მან დასძინა, რომ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა მოლდოვის ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარება.

მოლდოვას პრეზიდენტმა მაია სანდუმ შაბათს ესტონეთში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს „როგორც ჩანს, უკრაინაში ომში გასაგზავნად მეტი ადამიანი სჭირდება“.

მან დასძინა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ არაღიარებული რეგიონის ბევრმა მაცხოვრებელმა მოლდოვის მოქალაქეობა მიიღო „უსაფრთხოების მიზეზების გამო“.

მისი თქმით, პუტინის ახალი ბრძანებულებით, კრემლი კიშინიოვის დაშინებას ცდილობს, რადგან „რუსეთს არ მოსწონს დნესტრისპირეთის ინტეგრაციის ფარგლებში ჩვენი ქმედებები“.

15 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ამარტივებს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების პროცესს თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთის რეგიონის მაცხოვრებლებისთვის.

დნესტრისპირეთი დე იურე ითვლება მოლდოვის ნაწილად და არ არის აღიარებული გაეროს არცერთი წევრი სახელმწიფოს მიერ. ფაქტობრივად კი, რეგიონში მოქმედებს არაღიარებული „დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკა“ საკუთარი მთავრობით, არმიით, ვალუტითა და პასპორტებით.

რუსეთი ოფიციალურად აღიარებს მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ დნესტრისპირეთს მხარს უჭერს პოლიტიკურად, ეკონომიკურად და სამხედრო ყოფნით.

დნესტრისპირეთში განლაგებულია რუსეთის სამხედრო კონტინგენტი - რუსეთის ჯარების ოპერატიული ჯგუფი და სამშვიდობო ძალები. ისინი რეგიონში იმყოფებიან 1990-იანი წლებიდან, 1992 წლის კონფლიქტის შემდეგ.

სხვადასხვა შეფასებით, რუსეთის ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით 1200-1500-ია. მოსკოვი თავის სამხედრო ყოფნას კანონიერად მიიჩნევს 1992 წლის შეთანხმებაზე დაყრდნობით. კიშინიოვი კი კონტიგენტს უკანონოს უწოდებს და მის გაყვანას მოითხოვს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG