18 მაისს ბელარუსმა რუსეთთან „ურთიერთქმედებით“ დაიწყო „ბირთვული იარაღის საბრძოლო გამოყენებისა და ბირთვული უზრუნველყოფის სამხედრო ნაწილების“ წვრთნები.
ეს წერია ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომლის თანახმად, წვრთნები ტარდება თანამედროვე საშუალებების, მათ შორის სპეციალური საბრძოლო მასალების გამოყენებისთვის ქვეყნის შეიარაღებული ძალების მზადყოფნის ასამაღლებლად და მას გენერალური შტაბის უფროსი ხელმძღვანელობს.
სამინისტროს განცხადების მიხედვით, წვრთნებში მონაწილეობენ სარაკეტო ჯარების და ავიაციის სამხედრო ნაწილები, სწავლება „გეგმურია“, არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და რეგიონში უსაფრთხოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს.
რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2023 წლიდან განათავსა.
რუსეთს ბელარუსში აქვს სარაკეტო სისტემა „ორეშნიკიც“, რომლის ბირთვული იარაღით აღჭურვაც შესაძლებელია.
2023 წლიდან ბელარუსმა რუსეთთან ერთად რამდენიმე წვრთნა ჩაატარა. წინა სწავლება „დასავლეთი 2025" დაახლოებით ერთი წლის წინ, 2025 წლის სექტემბერში იყო.
ფორუმი