Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი: რუსეთში უკანასკნელ თვეებში ნავთობის გადამუშავება 10%-ით შემცირდა

ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 17 აპრილი, 2024.
ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 17 აპრილი, 2024.

უკრაინის საგარეო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთში ნავთობის გადამუშავება „მხოლოდ მიმდინარე წლის რამდენიმე თვეში მინიმუმ 10%-ით შემცირდა“, დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოცქსელებში.

როგორც BBC აღნიშნავს, Reuters-ის წყაროების თანახმად, პერმის ნავთობგადამმუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა უკრაინის მიერ 7 მაისს განხორციელებული დარტყმის შემდეგ, ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ - 16 აპრილის დარტყმის შემდეგ, სიზრანისა და ნოვოკუიბიშევსკის ქრხნებმა - 18 აპრილის დარტყმების შემდეგ. მარტის ბოლოს მუშაობა შეაჩერა კირიშის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ, 5 აპრილს კი - ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანა „ნიჟეგოროდნეფტეორგსიტეზმა“.

სააგენტომ დაიანგარიშა, რომ უკრაინის თავდასხმების შედეგად იანვრიდან მაისამდე რუსეთის 16 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დღეში დაახლოებით 700 ათასი ბარელით შემცირდა ნავთობის გადამუშავება.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, რუსეთში ხურავენ ნავთობის აქტიურ ჭაბურღილებს. „მარტო ერთი რუსული ნავთობკომპანია - და ის არაა ყველაზე დიდი - უკვე იძულებულია, დახუროს 400 ჭაბურღილი. რუსეთის ნავთობის მოპოვების სპეციფიკის გათვალისწინებით, ეს საგრძნობი დანაკარგია, ვინაიდან რუსეთში ჭაბურღილების ხელახლა ამუშავება მნიშვნელოვნად უფრო რთულია, ვიდრე სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებში,“ აღნიშნა ზელენსკიმ.

მან ისაუბრა ასევე რუსეთის საბანკო სისტემის კრიზისზე. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, „11 საფინანსო დაწესებულება სრული ლიკვიდაციისთვის ემზადება პრობლემების გამო, რომელთა გადაჭრა სხვა გზით არ შეიძლება, და კიდევ რვა საბანკო დაწესებულებას დაუგროვდა კრიტიკული პრობლემები, რომელთა მოგვარება შეუძლებელია გარეშე რესურსების გარეშე“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG