რეგულაციების შემსუბუქება არ შეეხებათ საზოგადოებრივ მაუწყებელს, „იმედს“, „რუსთავი 2-ს", „ფორმულას“, „ტვ პირველსა“ და სხვა საერთო მაუწყებლებს.
კანონპროექტზე იმუშავეს შოთა ბერეკაშვილმა, არჩილ გორდულაძემ, ანტონ ობოლაშვილმა და გიორგი ბარვენაშვილმა. მათგან გორდულაძის გარდა, სამივე მილიონერია.
მათი ინიციატივით, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 66-ე პრიმა მუხლის პირველი პრიმა პუნქტი უნდა შეიცვალოს, რის შემდეგაც უცხოეთიდან დაფინანსების მიღება სპეციალიზებულ მაუწყებლებს შეეძლებათ.
რა მიიჩნევა უცხოურ დაფინანსებად?
უცხოურ დაფინანსებად მიიჩნევა ნებისმიერი შემოსავალი უცხოეთიდან, რომელიც მაუწყებელს არ მიუღია რეკლამიდან. მაგალითად, ასეთ გრანტი ტექნიკის გასაახლებლად, უცხოური დაფინანსებით მომზადებული პროგრამის განთავსება და ა.შ.
ვის მიერ გადმორიცხული თანხაა უცხოური დაფინანსება?
- სხვა ქვეყნის ხელისუფლების შემადგენელი სუბიექტის;
- საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ადამიანის;
- კომპანიის, რომელიც საქართველოში არ არის დარეგისტრირებული.
ვინ არიან სპეციალიზებული მაუწყებლები?
ტელევიზიები, რომლებსაც აქვთ ერთი თემატიკის პროგრამა:
- სპორტული;
- მუსიკალური;
- საბავშვო;
- საგანმანათლებლო;
- კულტურული;
- რელიგიური;
- ბიზნეს/ეკონომიკური;
- კინოარხი.
ასეთ არხებად არ მიიჩნევიან ისეთი ტელევიზიები, რომლებსაც საინფორმაციო გამოშვებები ან პოლიტიკური ტოქშოუები აქვთ.
რა მოხდება, თუკი პოლიტიკური გადაცემების მქონე ტელევიზია უცხოეთიდან დაფინანსებას მიიღებს?
არხს კომუნიკაციების კომისია დაასანქცირებს. კანონპროექტის მიხედვით, თანხა, რომელსაც ტელევიზია მიიღებს, ბიუჯეტში გადაირიცხება.
როგორ გაიგებენ, რომ ტელევიზიამ დაფინანსება მიიღო?
ბოლო წლებია, ჯერ კიდევ გამოხატვის თავისუფლების მიმართულებით მკაცრი კანონების მიღებამდე, მაუწყებლები ვალდებული იყვნენ, საკუთარი შემოსავლების შესახებ კომუნიკაციების კომისიისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია. შემდეგ ეს მონაცემები საჯაროვდებოდა.
დამატებით, კომისიას უფლება აქვს, ბანკის დახმარებით გამოითხოვოს ტელევიზიაში გადარიცხული თანხის შესახებ ცნობები.
უცხოეთიდან დაფინანსების შემზღუდველი კანონი
2025 წლის აპრილიდან ტელე- და რადიომაუწყებლებს ეკრძალებათ უცხოეთიდან დაფინანსების მიღება, თუ ის არ არის რეკლამა ან პროდუქტის განთავსება. ამით აიკრძალა გრანტების მიღება გადასაიარაღებლად და უცხოური დაფინანსების მქონე პროგრამების ეთერში განთავსება.
ფინანსური კრიზისი ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ არხებზე
ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მაუწყებლებს მწირი შემოსავლები აქვთ. ამას ადასტურებს კომუნიკაციების კომისიის მიერ 15 მაისს გასაჯაროებული მონაცემები.
პროსახელისუფლებო არხების შემოსავალი 2026 წლის იანვარ-მარტში:
- დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა „იმედმა“ მიიღო 10 829 042 ლარი;
- „რუსთავი 2-მა“ - 8 475 191 ლარი;
- „პოსტივიმ“ (დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული) - 2 086 572 ლარი.
რაც შეეხება ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ორ ტელევიზიას, მათ, ჯამში, თითქმის იმდენივე თანხა მიიღეს, რაც პროსახელისუფლებო „პოსტივიმ".
- „TV პირველი“ - 1 332 345 ლარი;
- „ფორმულა“ - 981 200 ლარი.
ფორუმი