უფლებადამცველთა მონაცემებით, შარშან მსოფლიოში სასამართლოს გადაწყვეტილებით 2707 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 1518 იყო, რაც თითქმის 80%-ით ზრდას ნიშნავს. ეს მაჩვენებელი არ მოიცავს ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასჯილ პირებს.
ანგარიშში ნათქვამია, რომ შარშანდელზე უფრო მეტი ადამიანი ბოლოს 1981 წელს დასაჯეს სიკვდილით. მთლიანობაში სასიკვდილო განაჩენს 48 ქვეყანაში აღასრულებდნენ.
სიკვდილით დასჯის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა ირანში. ადამიანის უფლებების დამცველების მონაცემებით, ეს ორჯერ და უფრო მეტჯერ აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. ირანში, სხვა პირებთან ერთად, სიკვდილით ისჯებიან მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებიც. ირანის გარდა სიკვდილით დასჯის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა აფრიკის სახელმწიფოებში - კონგოსა და სუდანში. საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევები 356-მდე გაიზარდა, ხოლო შეერთებულ შტატებში - 25-დან 47-მდე.
რუსეთში სიკვდილით დასჯაზე 1997 წლიდან მოქმედებს მორატორიუმი, რომელიც ევროსაბჭოდან ქვეყნის გარიცხვის შემდეგაც არ გაუქმებულა. სიკვდილით დასჯის აღდგენის თემა ხშირად წამოიჭრება ხოლმე, მათ შორის კრემლის მომხრე მოღვაწეების მხრიდან. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლო კვლავაც ამტკიცებს, რომ მორატორიუმი არ გაუქმდება.
ფორუმი