„ხაზარაძეების ფონდი კულტურისათვის“ აცხადებს, რომ ამ შენობაში გაიხსნება ბრიუსელში „საქართველოს მუდმივმოქმედი საზოგადოებრივ-კულტურული სივრცე“.
„ისტორიით და ემოციებით აღსავსე“
„ეგიდიუმი არის ისტორიითა და ემოციებით აღსავსე ადგილი. ჩვენი სურვილია აღვადგინოთ ის ისე, რომ შევუნარჩუნოთ თავისი ავთენტური სული“, - განუცხადა ბელგიურ გამოცემა dhnet-ს მამუკა ხაზარაძემ, რომელიც რამდენიმე თვეა, საქართველოში არ იმყოფება.
1906 წელს აშენებული „ეგიდიუმი“, - რომელზეც დასავლურ მედიაში არაერთი სტატია გამოქვეყნებულა წლების განმავლობაში, - გამორჩეული არქიტექტურული ნამუშევარია.
- მასში არტ-ნუვოს (მოდერნის), არტ-დეკოსა და მავრიტანული სტილის ელემენტები ერწყმის ერთმანეთს;
- შენობა წარსულში თეატრის, კინოთეატრისა და სადღესასწაულო დარბაზის ფუნქციას ასრულებდა, თუმცა წლებია დახურულია.
„განახლების არაერთი მცდელობის შემდეგ“
გამოცემის თანახმად, შენობას ახალი მფლობელები ჰყავს, „მისი განახლებისა და ახალი სიცოცხლის შთაბერვის რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ“.
შენობა 2018 წელს შეისყიდა ბრიუსელურმა „სტარტაპმა“ თეატრის განვითარების მიზნით, თუმცა არც ეს და არც სხვა პროექტები არ განხორციელებულა, - მედიის თანახმად, ძირითადად პანდემიის გათვალისწინებითა და დაფინანსების სირთულეების გამო.
dhnet-ი წერს, რომ ხაზარაძეების სასურველი პროექტის დეტალები და განხორციელების ვადები ჯერ საბოლოოდ განსაზღვრული არ არის.
„ინიციატორები აცხადებენ, რომ სურთ თანამშრომლობა როგორც ბრიუსელის ხელისუფლებასთან, ისე ადგილობრივ და ქართულ კულტურულ ორგანიზაციებთან“, - წერს მედია.
რას ამბობს მფლობელი
„ხაზარაძეების ფონდი კულტურისათვის“ აცხადებს, რომ შენობა სწორედ ამ ფონდის საკუთრებაში გადავიდა „ქალაქ ბრიუსელის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით“.
ფონდის განცხადებით, მას დაუბრუნდება „ტრადიციული, კულტურული ცენტრის დანიშნულება“ და შეიძენს „ახალ ისტორიულ ფუნქციას“: „იქცევა ქართველ და ევროპელ ხალხთა შორის კულტურული, საგანმანათლებლო და ისტორიული კავშირის სივრცედ“.
„შენობის, როგორც ბრიუსელის მნიშვნელოვანი ისტორიული არქიტექტურული ძეგლის რეკონსტრუქციის პროექტი უახლოეს მომავალში დაიწყება“, - წერს ფონდი. განცხადებაში ვადები არ არის დაზუსტებული.
„პროექტის მიზანია, შეიქმნას „საქართველოს სახლი ევროპაში“, - ცენტრი, რომელიც მოემსახურება საქართველოსა და ევროკავშირს შორის მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების შექმნას და ქართული დიასპორის ინტერესებს“, - აცხადებს „ხაზარაძეების ფონდი“.
ამავე ფონდის თანახმად, ამ შენობას უკავშირდება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დიმიტრი ყიფიანის შვილიშვილის, მეცნიერ ბარბარე ყიფიანის სახელი.
„ის XX საუკუნის დასაწყისში ბრიუსელში სწორედ ამ სივრცეში აწყობდა ქართული კულტურის საღამოებს, როგორც სამშობლოს კეთილი ნების ელჩი ევროპაში“, - წერს „ხაზარაძეების ფონდი კულტურისათვის“.
- მამუკა ხაზარაძემ 2019 წელს მეგობართან და ბიზნესპარტნიორ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად დააფუძნა ოპოზიციური პარტია „ლელო“ - მილიარდერი ექსპრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან დაპირისპირების შემდეგ;
- ის იყო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ თანადამფუძნებელი და სურდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარება; დაპირისპირება პროექტის ჩავარდნამაც განაპირობა. კონსორციუმმა ორი საარბიტრაჟო დავა წააგო.
- ხაზარაძის „ლელომ“ 2024 წელს „ძლიერი საქართველოს“ სახელით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ოფიციალური შედეგებით 8,81% მიიღო, - თუმცა ამ და სხვა პარტიებმა შედეგებს უნდობლობა გამოუცხადეს და პარლამენტში არ შევიდნენ.
- პარტიამ, საზოგადოების ნაწილის კრიტიკის მიუხედავად, მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, პროპორციულად ხმების 6,7% მიიღო.
- არჩევნებს წინ უსწრებდა პარტიის ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრება, მათ მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ხოლო 2025 წლის 5 სექტემბერს - მათი შეწყალება.
- ხაზარაძე და ჯაფარიძე ე.წ საბოტაჟის საქმეზეც არიან ბრალდებულები და პატიმრობა ემუქრებათ, სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად.
- რამდენიმე თვეა, მამუკა ხაზარაძე საქართველოში არ იმყოფება.
- პარტიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ხაზარაძე ბოლო პერიოდში სწორედ ბრიუსელის პროექტზე, - „საქართველოს სახლი ევროპაში“, - მუშაობს.
ფორუმი