Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგის სასამართლომ არ დაადგინა გამოხატვის თავისუფლების დარღვევა აქტივისტ მილაძის საქმეზე

სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი მილაძის საქმეზე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხებოდა, სახელმწიფოს დარღვევა არ დაუდგინა.
სტრასბურგის სასამართლომ ირაკლი მილაძის საქმეზე, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხებოდა, სახელმწიფოს დარღვევა არ დაუდგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა დარღვევა ქართველი სამოქალაქო აქტივისტის, ირაკლი მილაძის საქმეზე, რომელიც Tik-Tok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო დაჯარიმებას ეხებოდა.

სტრასბურგის სასამართლოს მომჩივანი სთხოვდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეათე მუხლით გარანტირებული უფლების - გამოხატვის თავისუფლების - დარღვევის დადგენას.

„მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“, - ასე ჰქვია საქმეს, რომელიც 2023 წლის ნოემბრის ბოლოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საიამ).

გადაწყვეტილების შემდეგ, საია აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ „მკაფიოდ განსაზღვრა ის სახელმძღვანელო სტანდარტი, რომელიც სულაც არ აძლევს საშუალებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს თავისუფალი აზრის დევნის კოორდინირებული პრაქტიკა“.

„საკმარისი“ მიზეზი გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისთვის

სტრასბურგის სასამართლომ 19 მაისს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ წარმოადგინა „შესაბამისი და საკმარისი“ მიზეზები განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევისთვის.

ამ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ გარემოებებს შორის კი სტრასბურგის სასამართლომ დაასახელა:

  • „[ვიდეოში] გამოყენებული ვულგარული ენის განსაკუთრებით აგრესიული ხასიათი“;
  • „ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სოციალურ მედიაპლატფორმაზე სადავო ვიდეოს ფართოდ გავრცელება“;
  • „შიდა სასამართლოების მიერ სიღრმისეული განხილვა“;
  • „დაკისრებული სანქციის შეზღუდული სიმკაცრე“.

საიას განმარტებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ განმცხადებელს საბოლოოდ დაეკისრა 500 ლარის (180 ევრო) ოდენობის ჯარიმა, რაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის მინიმალური თანხაა.

ასევე, არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე და მას არ შეჰფარდებია თავისუფლების აღკვეთა, ხელისუფლებას არ მოუთხოვია ვიდეოს წაშლა, მისი სოციალური მედიის ანგარიშის შეზღუდვა ან უფრო ფართო ცენზურის რაიმე ფორმა, ხოლო დაკისრებულმა სანქციამ არ შეუშალა ხელი განმცხადებელს პოლიტიკური აქტივიზმის გაგრძელებაში.

„სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმას, რომ სანქციის ასეთი მცირე ოდენობა მნიშვნელოვანი ფაქტორია პროპორციულობის შეფასებისას“, - ხაზს უსვამს საია.

რატომ დააჯარიმეს ირაკლი მილაძე?

2023 წლის თებერვალში, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი მილაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლით - 166-ე და 173-ე მუხლებით.

ეს გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. მას ჯარიმა დაეკისრა.

მათგან ერთი ჯარიმა სწორედ Tik-Tok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო.

  • „სასამართლოს განმარტებით, Tik-Tok მიიჩნევა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით განსაზღვრულ საზოგადოებრივ სივრცედ და ადგილად.
  • ...[შესაბამისად] ნებისმიერ პირს ამ პლატფორმაზე ინფორმაციის განთავსებისას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოდ მიღებული ეთიკისა და ზნეობის ნორმები", -

წერდა საია თავის სპეციალურ ანგარიშში 2023 წელს. იგივე ორგანიზაცია იცავდა ადგილობრივ სასამართლოებში ირაკლი მილაძის ინტერესებს.

ადგილობრივი სასამართლოს განმარტება

საია განმარტავდა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისას, სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოქვეყნებული ვიდეოს შინაარსი გასცდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და დაადგინა, რომ:

  • „სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში ასახული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების სიტყვიერი შეურაცხყოფა მოიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციით განსაზღვრულ ქმედებას ...
  • ეს ვიდეო სოციალურ ქსელში ნახა კონკრეტულმა პოლიციელმა და აღიქვა შეურაცხყოფად, რასაც მოჰყვა შესაბამისი შედეგი - სამართალდამრღვევი პირის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენა”.

რას ამბობდა მილაძე ვიდეოში

აქტივისტმა მილაძემ 2022 წლის 6 დეკემბერს TikTok-ზე ჩაწერა ვიდეო , რომელშიც ამბობდა, რომ თბილისში, ავტობუსის ზოლში, სადაც მანქანები არ უნდა დადიოდნენ, ბევრი მანქანა გადაადგილდებოდა, პოლიცია კი მათ შერჩევითად აჯარიმებდა.

ირაკლი მილაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის გამო თბილისის მერი კახა კალაძე გააკრიტიკა და ის უცენზურო სიტყვებითაც მოიხსენია. ვიდეოს კი ე.წ. გაფრთხილება წაუმძღვარა: „ვისაც გინების მოსმენა არ გსურთ, არ უყუროთ და არ უსმინოთ“.

როგორც ირაკლი მილაძე მაშინ ჰყვებოდა, ვიდეოს ჩაწერიდან რამდენიმე დღეში, ის „უფორმო პოლიციელებმა“ გააჩერეს, მანქანაში ჩასვეს, გინების გამო პასუხი მოსთხოვეს და სცემეს.

იხსენებდა, რომ ამის შემდეგ ის პოლიციაში წაიყვანეს, ორი დღე გაატარა წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც დამამცირებლად ეპყრობოდნენ და ბრალი წაუყენეს პოლიციის შეურაცხყოფისთვის; მალევე აღმოაჩინა, რომ TikTok-ზე დადებული ვიდეოს გამო მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება იყო დაწყებული.

კონტექსტი დღეს

19 მაისს გავრცელებულ განცხადებაში საია მიუთითებს, რომ 2023 წლისგან განსხვავებით, დღევანდელი ვითარება ხასიათდება ადამიანის უფლებების „უმძიმესი კრიზისით“, რომელშიც „გამოხატვის თავისუფლება რეპრესიების მთავარი სამიზნეა“.

  • „მათ შორის, შეურაცხყოფის მოტივით ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება დროის გარკვეულ მომენტში შსს-სათვის რუტინად იყო ქცეული 2025 წელს.
  • პირებს ეფარდებოდათ, არა მარტო, მაღალი ოდენობის სანქცია, არამედ, პატიმრობაც კი. სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა ჯარიმა 1500-იდან 4000 ლარამდე ან პატიმრობა 45 დღემდე, განმეორებითი ქმედებისთვის კი ჯარიმა 2500-იდან 6000 ლარამდე ან პატიმრობა 5-იდან 60 დღემდე“, - წერს ორგანიზაცია.

საიას განცხადებითვე, ევროსასამართლოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება „მკაფიოდ განსაზღვრავს იმ სახელმძღვანელო სტანდარტს, რომელიც სულაც არ აძლევს საშუალებას შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს თავისუფალი აზრის დევნის კოორდინირებული პრაქტიკა“.

საია ასე კითხულობს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას:

  • „დაუშვებელია ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც არის მძიმე ან არაპროპორციული (მაგალითად, მაღალი ოდენობის ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი სანქცია), რადგან ეს ახდენს არსებით ზეწოლას გამოხატვის თავისუფლებაზე“;
  • „საქმეს არ უნდა ჰქონდეს სისხლისსამართლებრივი ხასიათი ან არ უნდა არსებობდეს თავისუფლების აღკვეთის რეალური რისკი (მათ შორის, ადმინისტრაციული სახით)“;
  • „დაკისრებულმა სანქციამ არ უნდა შექმნას “მსუსხავი ეფექტი“ (chilling effect) და რეალურად არ უნდა აფერხებდეს ან აშინებდეს მოქალაქეებს საჯარო დებატებში მონაწილეობისგან“.
  • „სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა მოხდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მისი გავრცელების დონეზე, მათ შორის, კონტენტის ამოღება, ანგარიშების დაბლოკვა ან ცენზურის სხვა ფორმა“ და ა.შ..

სტრასბურგის სასამართლოს გამოქვეყნებული გადაწყვეტილების წინა დღეს, 2026 წლის 18 მაისს, დაანონსდა შსს-ში სპეციალური სამმართველოს შექმნა, რომელიც „პროაქტიულ რეჟიმში“, მოქალაქეთა საჩივრების გარეშე, თავად გააკონტროლებს საჯარო სივრცესა და სოციალურ ქსელებს.

„აღნიშნული უწყება უფლებამოსილი იქნება „სიძულვილის ენისა“ თუ „ღირსების შელახვის“ ბუნდოვანი მიზეზით, საქმეები დამოუკიდებლად გადაგზავნოს სასამართლოში. სახელისუფლებო ნარატივის მიერ საპირისპირო მტკიცების მიუხედავად, ცხადია, რომ ასეთი საპოლიციო მექანიზმის შექმნა პირდაპირ საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლებას და აჩენს პოლიტიკური ცენზურისა და ტოტალური კონტროლის რისკებს“, - წერს საია 19 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

სტრასბურგის სასამართლომ „ირაკლი მილაძე საქართველოს წინააღმდეგ“ საქმეზე იმსჯელა შემდეგი შემადგენლობით:

  • ლორეინ შემბრი (თავმჯდომარე)
  • ლადო ჭანტურია
  • ფარის ვეჰაბოვითი
  • ანია ზიბერტ-ფორი
  • ანე-ლუიზ ბორმანი
  • სებასტიან რადულეტუ
  • ანდრას იაკაბი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG