ლატვიის პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მორიგ ტყუილში დაადანაშაულეს რუსეთი, რომელმაც განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ უკრაინა დრონებით შეტევას გეგმავს ლატვიის ტერიტორიიდან და რიგას დაემუქრა „გადაწყვეტილებების მიღების ცენტრებზე" დარტყმებით.
მოსკოვი ტყუილში დაადანაშაულა უკრაინამაც.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა 19 მაისს გამოაქვეყნა განცხადება, რომ უკრაინის არმიის სარდლობა ამზადებს „ახალი ტერორისტული დარტყმების სერიას რუსეთის ზურგის რეგიონებზე” და უპილოტო საფრენი აპარატების გაშვებას ბალტიის სახელმწიფოების ტერიტორიებიდანაც გეგმავს, რათა მნიშვნელოვნად შეამციროს სამიზნეებამდე მიღწევის დრო და „გაზარდოს ტერორისტული შეტევების ეფექტიანობა”.
რუსეთი ლატვიას ემუქრება
რუსეთის საგარეო დაზვერვამ კონკრეტულად დაასახელა ლატვია, რომლის ხელისუფლებაც, მოსკოვის მტკიცებით, უკრაინის მიერ ოპერაციის ჩატარებას დასთანხმდა და იქ უკვე გაგზავნეს უკრაინის არმიის უპილოტო სისტემების ძალების სამხედროები, რომლებიც ლატვიის ხუთ სამხედრო ბაზაზე განთავსდნენ.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური ლატვიას „შეახსენებს“, რომ მის ტერიტორიაზე „გადაწყვეტილებების მიღების ცენტრების კოორდინატები კარგადაა ცნობილი“ და „ნატოს წევრობა ტერორისტების დამხმარეებს სამართლიანი შურისგებისგან ვერ დაიცავს“.
რეაქცია რიგიდან
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის პასუხად ლატვიის პრეზიდენტმა ედგარს რინკევიჩსმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ რუსეთი ტყუის იმის შესახებ, თითქოს ლატვია რომელიმე ქვეყანას აძლევს თავისი საჰაერო სივრცის და ტერიტორიის გამოყენების უფლებას რუსეთზე ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე დარტყმებისთვის.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემაც განაცხადა, რომ „რუსეთი ისევ იტყუება“ - ამჯერად, საგარეო დაზვერვის სამსახური, რომელიც „ლატვიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის კამპანიას აწარმოებს".
მინისტრის თანახმად, ლატვიის საჰაერო სივრცე არ გამოიყენება რუსეთზე შეტევებისთვის და ეს უკვე რამდენჯერმე აუხსნეს რუსეთის წარმომადგენლებს.
ლატვიის თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივი კავშირების დეპარტამენტის დირექტორმა გუნა გავრილკომ გამოცემა Delfi-ს უთხრა, რომ ლატვიისა და ბალტიის სხვა ქვეყნების მიმართ რუსეთის მსგავსი განცხადებები სიახლე არ არის და მოსკოვი ამას რეგულარულად აკეთებს, თუმცა თავდაცვის სამინისტრო რუსეთის მხრიდან პროვოკაციებს არ გამორიცხავს.
აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის მკვლევარმა მარცის ბალოდისმა Delfi-ს უთხრა, რომ მოსკოვის განცხადება სიახლე მართლაც არ არის, კრემლის პროპაგანდის მორიგი გამოვლინებაა და წარმოადგენს მცდელობას, გადაიფაროს პუტინის უუნარობა, დაიცვას რუსეთის ტერიტორია.
კიევის რეაქცია
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰეორჰი ტიხიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ოფიციალურად უარყოფენ მოსკოვის განცხადებას, რომელშიც „არცერთი სიტყვა სიმართლე არ არის”.
ტიხის განცხადებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ თავისი ოპერაციებისთვის არ იყენებს ლატვიის ტერიტორიას ან საჰაერო სივრცეს და ამის გაკეთებას არც მომავალში აპირებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის შეფასებით, „რუსეთის ტყუილი მხოლოდ გაგრძელებაა უფრო ფართო პროპაგანდისტული კამპანიის, რომელიც მიმართულია ლატვიაში და მთლიანად ბალტიის ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრის დესტაბილიზაციისკენ”.
კიევში მიიჩნევენ, რომ ლატვიელი მეგობრები რუსეთის განზრახვას კარგად ხედავენ.
რუსეთისთვის სულ უფრო პრობლემური ხდება თავის ტერიტორიაზე უკრაინის თავდაცვის ძალების შეტევები ნავთობის საცავებზე, პორტების ტერმინალებზე, ნავთობგადამამუშავებელ და სამხედრო დანიშნულების ქარხნებსა და სხვა ობიექტებზე.
მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს, კიევი კი - „კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმას რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში და მიზნად ასახელებს რუსეთის საექსპორტო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, ომის დაფინანსების წყაროთა შეზღუდვას.
რუსეთის ხელისუფლება იმასაც კი შიშობდა, რომ მოსკოვში 9 მაისის „გამარჯვების აღლუმის” დროს უკრაინული დრონების თავდასხმა იქნებოდა და აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით სამდღიან ზავსაც დასთანხმდა.
ფორუმი