19 მაისს ევროსაბჭომ გამოაქვეყნა „ევროპაში ციხეებისა და პატიმრების შესახებ გამოკვლევა 2025“, რომელიც ასახავს მდგომარეობას 2025 წლის 31 იანვრისთვის არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით და მოიცავს 2024 წლის განმავლობაში არსებულ სტატისტიკას.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასულ წელს ევროსაბჭოს ქვეყნებში პატიმართა საშუალო დონე 100 ათას მოსახლეზე კვლავაც 127-ია, თუმცა ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვით მკვეთრი განსხვავებებია.
პატიმრების რაოდენობით ევროსაბჭოს ქვეყნებში აღმოსავლეთ ევროპა ლიდერობს. პატიმრობის მისჯის შემთხვევათა უმაღლეს დონეზე მყოფ პირველ ოთხეულში მოექცა საქართველო - 100 ათას მოსახლეზე 232 პატიმრით, თურქეთის (458), აზერბაიჯანის (271) და მოლდოვის (245) შემდეგ, რაც „ასახავს უფრო მეტად პატიმრობისკენ მიმართულ სასჯელის კულტურას“.
ასაკობრივ ჭრილში, საქართველოში პატიმრების საშუალო ასაკი 39 წელია და ამ მონაცემით მე-18 ადგილზეა რეიტინგში, რომელშიც პორტუგალია ლიდერობს (42 წელი).
საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების ჯგუფში, სადაც ქალი პატიმრების პროცენტული რაოდენობა არის „დაბალი“.
50 წელზე უფროსი ასაკის პატიმრების პროცენტული რაოდენობით, საქართველო „მაღალი“ მაჩვენებლის მქონე ქვეყნების ჯგუფში მოხვდა.
ციხის ერთ თანამშრომელზე პატიმრების რაოდენობით საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფშია, რომლებმაც დაიმსახურეს შეფასება „ძალიან მაღალი“.
პატიმრების დაბალი მაჩვენებლებია დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში. რამდენიმე ქვეყანა - ნორვეგია (54), ნიდერლანდი (55), ფინეთი (58), გერმანია (69), დანია (70) და შვეიცარია (77) მუდმივად ინარჩუნებენ პატიმართა დაბალ რაოდენობას მიუხედავად იმისა, რომ მათი საკანონმდებლო და პოლიტიკური მოდელები განსხვავებულია.
ანგარიშში აგრეთვე მითითებულია, რომ პატიმრების შედარებით დაბალი რაოდენობა არ ასახავს სრულფასოვან სურათს, თუკი დროის გარკვეულ მონაკვეთში არ იქნება შესწავლილი საპატიმროებში ადამიანების ნაკადის სტატისტიკა.
ზოგადად, იზრდება ასაკოვანი და უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრების რაოდენობა.
ანგარიშის ავტორები „ევროპის საიმიგრაციო პარადოქსს“ უწოდებენ იმ ფაქტს, რომ ევროპული ინტეგრაციის თანმხლები გადაადგილების თავისუფლება ეკონომიკის ზრდასა და კულტურულ გაცვლას კი უწყობს ხელს, თუმცა იმავდროულად ქმნის სტრუქტურულ გამოწვევებს სასჯელაღსრულების სისტემებისთვის. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, რომლებიც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის დანიშნულების ქვეყნებიცაა და სატრანზიტოც, სასჯელაღსრულების სისტემებს მაღალ მობილობასთან გამკლავება უწევთ.
ფორუმი