Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში მსხვერპლია რუსეთის მორიგი მასირებული შეტევის შედეგად

უკრაინის ქალაქი დნიპრო რუსეთის მუდმივი საჰაერო დარტყმების ქვეშაა
უკრაინის ქალაქი დნიპრო რუსეთის მუდმივი საჰაერო დარტყმების ქვეშაა

20 მაისს რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მიიტანეს მორიგი საჰაერო შეტევა, რომელსაც მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მიერ 20 მაისის დილის რვა საათისთვის გავრცელებული ცნობით, 2 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიჭრა ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ დნიპროზე დარტყმის შედეგად. ექვსიდან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დნიპროში დამწვარია საკვები პროდუქტების საწყობები. სამხედრო ადმინისტრაციამ ხანძრის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელა.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა ქალაქ ვოლნიანსკში, სადაც ერთი კერძო სახლი დაინგრა და რამდენიმე დაზიანდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსული დრონებით მასირებული შეტევა იყო სუმის ოლქის კონოტოპის და შოსტკის რაიონებზე, სადაც სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა. ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე სახლი. გაჩნდა ხანძრები.

განახლება: 20 მაისს დღის 12 საათისთვის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ქალაქ კონოტოპში, ერთ-ერთ სახლზე რუსული დრონით დარტყმის შედეგად 94 წლის ქალი დაიღუპა. დაჭრილია 11 ადამიანი.

190დან 20 მაისის ღამით რუსეთის ჯარებმა შეტევა მიიტანეს ქალაქ ოდესაზეც. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთლიანად დანგრეულია ერთსართულიანი შენობა და დაზიანებულია მრავალბინიანი სახლი. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ერთი ბალისტიკური რაკეტით და 154 უპილოტო საფრენი აპარატით. 20 მაისის 08:30 საათისთვის დადასტურებული იყო 131 დრონის მოგერიება და 23 დრონით და რაკეტით პირდაპირი დარტყმა 20 ადგილზე.







ფორუმი

XS
SM
MD
LG