მწერალთა სახლს მიუერთდება:
- საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი;
- ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი;
- გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი;
- ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი;
- იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი;
- ივანე მაჩაბლის მუზეუმი.
ეს მუზეუმები მწერალთა სახლის სტრუქტურული ერთეულები იქნებიან.
მწერალთა სახლის მოქმედმა დირექტორმა, ქეთი დუმბაძემ უახლოეს დღეებში უნდა გადაწყვიტოს გააგრძელებს ახალ თანამდებობაზე მუშაობას, თუ გადადგება.
„მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობაზე დასაქმებული პირი, მისი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, 2026 წლის 25 მაისიდან გადაინიშნოს მწერალთა სახლში იმავე თანამდებობაზე. თუ ამ პუნქტით განსაზღვრული პირი არ გამოხატავს წერილობით თანხმობას 2026 წლის 23 მაისამდე, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, - წერია 20 მაისის დადგენილებაში.
ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის დირექტორად 2023 წლის აგვისტოდან მუშაობს. ის ამ თანამდებობაზე დანიშნა თეა წულუკიანმა, რომელიც მაშინ კულტურის მინისტრი იყო, ახლა კი პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ წარადგენს. მანამდე დუმბაძე და წულუკიანი პარლამენტში კოლეგები იყვნენ
მწერალთა სახლის ყოფილ დირექტორს, ნატა ლომოურს, უფლებამოსილების ვადა 2023 წლის 7 აგვისტოს ამოეწურა. ის აცხადებდა, რომ სამინისტროდან არავინ დაჰკავშირებია იმის სათქმელად, აპირებდნენ თუ არა მასთან თანამშრომლობას.
მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრად დაინიშნა თეა წულუკიანი, სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში თანამდებობიდან არაერთი ადამიანი გაათავისუფლეს.
ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურულ სფეროში დასაქმებული ადამიანების ნაწილი განცხადებით გამოეხმაურა მწერალთა სახლის დირექტორად დუმბაძის დანიშვნას.
„ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს“. არ ვაღიარებთ საბჭოთა მეთოდებით ლიტერატურულ ცხოვრებასა და პროცესებში ჩარევას. მოვითხოვთ, შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა“, - ეწერა განცხადებაში.
ფორუმი