გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 20 მაისს 141 ხმით 8-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ადასტურებს ქვეყნების იურიდიულ ვალდებულებას, იბრძოლონ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ და შეამცირონ ნამარხი საწვავის გამოყენება. რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ რუსეთი, ბელარუსი, ისრაელი, იემენი, ირანი, ლიბერია, საუდის არაბეთი და აშშ. გაეროს წევრმა კიდევ 28 ქვეყანამ თავი შეიკავა კენჭისყრისგან.
რეზოლუცია განსახილველად წარადგინა ვანუატუმ, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხო კლიმატის ცვლილებები. 2022 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ კლიმატური საგანგებო ვითარება გამოაცხადა ზღვის დონის ამაღლების გამო. საგანგებო ვითარების მიზეზი იყო ასევე ამინდის ექსტრემალური მოვლენები: ციკლონები, ქარიშხლები, მეწყრები, წყალდიდობები და გვალვები.
თებერვალში სააგენტო Associated Press-ი იტყობინებოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გამოვიდა მოწოდებით, ზეწოლა განეხორციელებინათ ვანუატუზე, რათა ქვეყანას გაეწვია რეზოლუცია გაეროს გენერალური ასამბლეის განხილვიდან. კერძოდ, აშშ შიშობს, რომ რეზოლუციამ უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს ამერიკის მრეწველობაზე.
როგორც Deutsche Welle შენიშნავს, რეზოლუცია ამყარებს გაეროს საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2025 წლის ზაფხულში გამოტანილ საკონსულტაციო დასკვნას. ამ დასკვნის თანახმად, ქვეყნები ვალდებული არიან ებრძოლონ გლობალურ დათბობას და შეამცირონ წიაღისეული საწვავის მოხმარება. ასეთ დასკვნას არა აქვს პირდაპირი იურიდიული ძალა, მაგრამ ამიერიდან მას გამოიყენებენ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ სასამართლო საქმეებში.
ფორუმი