ტერორისტული აქტის "მეორე" საქმეზე ბრალდებულის, პარტია „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმე სასამართლოში არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მეია მელქაძის გადაწყვეტილებიდან გახდა ცნობილი.
სხდომაზე, რომელიც საბოლოოდ ალეკო ელისაშვილის გაძევებით დასრულდა, დაცვის მხარე საქმის წარმოების შეწყვეტას მოითხოვდა.
ადვოკატები აცხადებდნენ, რომ ოდოროლოგიური კვლევის ნიმუში წვიმიან ამინდშია აღებული, ექსპერტიზაში მონაწილე ძაღლების შესახებ ინფორმაცია კი არ არსებობს და დასკვნის კანონიერება ბუნდოვანია.
საქმის არსებითი განხილვა 4 ივნისს დაიწყება. საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს არქივის შენობაში ხანძრის გაჩენას, რაც 2025 წლის 4 მაისს მოხდა.
რატომ გააძევა დარბაზიდან მოსამართლემ ელისაშვილი
მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილის დარბაზიდან გაძევების მიზეზად წესრიგის დარღვევა და სასამართლოს მიმართ გამოხატული „აშკარა უპატივცემლობა“ დაასახელა.
მანამდე მოსამართლემ ბრალდებულს მიმართა, დაეფიქსირებინა პოზიცია, ოღონდ მხოლოდ საქმის გარშემო ესაუბრა, რაზეც ელისაშვილმა მიუგო:
„რამ შეგაშინათ, რამ დაგაფეთათ, მაცადეთ ლაპარაკი, ბოლშევიკებიც კი დახვრეტას რომ უსჯიდნენ, ალაპარაკებდნენ ადამიანს. მერამდენე სხდომაა და მერამდენე მოსამართლე ხართ, სიტყვის უფლებას რომ არ მაძლევთ. ორი 15-წლიანი ბრალდება მაქვს წარდგენილი“, - თქვა ელისაშვილმა და მოსამართლის შენიშვნის მიუხედავად, განაგრძო:
„წყეული ბოლშევიკები აძლევდნენ ლაპარაკის საშუალებას, სიტყვა ამოღებული არ მაქვს და ყელში მეცით!... კივიხართ და წივიხართ".
მოსამართლე: არ ვწივივარ. თქვენს ხმას ვერ ვაჭარბებ. არ შეწყვეტთ და გაგაძევებთ.
ალეკო ელისაშვილი: აი დარდი. რამ შეგაშინათ?
მოსამართლე: პოლიტიკურ განცხადებებს ნუ აკეთებთ!
ალეკო ელისაშვილი: მაინტერესებს, რისთვის გაქვთ ეს ხის ტრიბუნა შეჭედილი? აქედან ჩემი სიტყვა უნდა ვთქვა….
მოსამართლე: მეორე შენიშვნას გიფიქსირებთ, მესამე და დატოვებთ სხდომას.
ალეკო ელისაშვილი: აუფ, გამისკდა გული! საბავშვო ბაღის გამგე ხართ თუ მოსამართლე?... ეს [ახალი ბრალი] რომ გამეკეთებინა, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ვიტყოდი, რომ მე გავაკეთე. მაბრალებენ და რატომ დავიბრალო ასეთი შეთითხნილი ბრალი? ამაზრზენი ბრალდებაა. კადრში ჩანს, რომ ვიღაც ცეცხლს აჩენს და რატომ ვარ მე და მაგალითად, თენგიზ შარმანაშვილი არა?... ვინ არის ეს ქალი [მოსამართლე], მართლა ეს ნაჭერი რომ ჩაიცვით, მოსამართლე გგონიათ თავი? მაცადეთ საუბარი! იმაზე თავშეკავებულად ვსაუბრობ, ვიდრე ეს ბოლშევიკური ტრიბუნალი იმსახურებს. აბსურდია რა საქმესაც მედავებიან! ამბობთ, რომ წუნკალმა ძაღლმა ამომიცნო? არ გრცხვენიათ ამით რომ მიჭერთ? მოწმეზე ზეწოლა არ მოახდინოთო და წუნკალ ძაღლზე არ მოვახდინო ზეწოლა?" - თქვა ელისაშვილმა.
საბოლოოდ, მოსამართლემ ელისაშვილი სასამართლოს შეურაცხყოფისთვის, წესრიგის დარღვევისა და "აშკარა უპატივცემულობისთვის" სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
დარბაზიდან გასვლისას ელისაშვილმა მიაძახა: „გამხმარი ტალახივით უნდა დაფშვნა ესენი“.
ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ ელისაშვილს ახალი ბრალი 30 მარტს წარუდგინეს - სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს, ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ “თაროზე შემოდებული” ძველი საქმე პოლიტიკოსს პოლიტიკური მიზნებით დაუკავშირეს, სინამდვილეში კი ის შემთხვევის ადგილას საერთოდ არ იმყოფებოდა.
ამ საქმეზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ელისაშვილს 10-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ელისაშვილის კიდევ ერთი ბრალი
პოლიტიკოს ალეკო ელისაშვილს „ტერორიზმს“, უფრო ზუსტად კი, ტერორისტული აქტის მცდელობას ედავებიან. გამოძიების თანახმად, მან სასამართლოს შენობის დაწვა სცადა და ამ მიზნით, 30 ნოემბრის შაბათ დილას, 04:00 საათისთვის, შენობასთან მივიდა „ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული“, ჩაამტვრია შუშა, შევიდა შენობაში, მოასხა საწვავი, ცეცხლის წაკიდებაში კი ხელი მანდატურებმა შეუშალეს.
პროკურატურის თანახმად, ერთ-ერთი მანდატურის დანახვისთანავე ელისაშვილი მას „თავს დაესხა და დაუწყო ცემა“;
პროკურატურა ამბობს, რომ სამი მანდატური ცდილობდა ელისაშვილის „განეიტრალებას, მისთვის აალებად ნივთიერებაზე ცეცხლის წაკიდების საშუალების მოსპობას და განიარაღებას“.
„თავდამსხმელი, თავის მხრივ, ცდილობდა ცეცხლსასროლი იარაღის ამოღებას და გამოყენებას“, - წერია 30 ნოემბერს პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.
მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი