მთავარი გზავნილები:
- „ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუმჯობესების არანაირი ნიშანი არ იკვეთება და რომ მკაფიოა გზავნილი - საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი“;
- „ევროკავშირის პოლიტიკა და ქმედებები ეფუძნება მის საწყის ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც მოიცავს კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მექანიზმებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას. საქართველოსთან ურთიერთობისას ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს ამ პრინციპების მნიშვნელობას“;
- „ევროკავშირის მიზანია ქართველი ხალხის კეთილდღეობისა და წინსვლის მხარდაჭერა, და იგი გააგრძელებს ქვეყანასთან თანამშრომლობას ისე, რომ ეს სრულ თანხვედრაში იყოს მის ღირებულებებსა და პრინციპებთან“;
- „ევროკავშირი ურყევად დაუჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გზას გაწევრიანებისკენ, რაწამს საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ამჟამინდელი მოქმედების კურსი“.
ევროკავშირიდან ოპოზიციური პარტიებისთვის 21 მაისს გამოგზავნილ წერილს ხელს აწერს დერენ დერია, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველ დირექტორატში დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის მიმართულებით. ამით პასუხობს ის საქართველოდან 17 აპრილს გაგზავნილ ოპოზიციური ალიანსის წერილს.
ოპოზიციური ალიანსის შესახებ
ალიანსი, რომლის ერთ-ერთი პრინციპია „ერთობა ერთფეროვნების გარეშე“, შეიკრა 2026 წლის მარტის დასაწყისში და მასში გაწევრიანდნენ პარტიები:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“;
- „ფედერალისტები“;
- „სტრატეგია აღმაშენებელი“;
- „ახალი“;
- „გირჩი - მეტი თავისუფლება“;
- „დროა“;
- „ევროპული საქართველო“;
- „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“;
- „თავისუფლების მოედანი“.
„საქართველოს თემა კვლავ აქტუალურია“
ოპოზიციურ ალიანსში აცხადებენ, რომ ევროკავშირიდან მიღებულმა ამ წერილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს საკითხი მათთვის კვლავ აქტუალურია.
„მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი სწორად ხედავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ეს არის ასახული ამ წერილშიც“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გიორგი ბუტიკაშვილმა, ოპოზიციური ალიანსის წევრი პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ საგარეო მდივანმა.
მისი თქმით, ალიანსმა ევროკავშირში წერილის გაგზავნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უნგრეთში ვიქტორ ორბანის ხელისუფლება შეიცვალა, რამაც ევროპული ქვეყნების გაერთიანებას მეტი შესაძლებლობები გაუჩინა.
„ჩვენ ამ წერილით ისეთს არაფერს არ ვითხოვთ, რასაც ღიად არ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანაში კანონის უზენაესობა უნდა არსებობდეს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ტარდებოდეს, ქუჩაში ადამიანებს არ უნდა აწამებდნენ - ეს არის აღწერილი ჩვენს წერილში იმისთვის, რომ ევროკავშირმა თავისი მოკავშირეები დაიცვას, გამოიყენოს ის ბერკეტები, რაც მას აქვს“.
ფორუმი