ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში დასძინა, რომ ის შეერთებული შტატებისგან დიპლომატიის ახალ ფორმატებთან დაკავშირებით წინადადებებს ელის და აღნიშნა, რომ ფრონტის ხაზზე უკრაინისთვის ხელსაყრელი ვითარებაა.
კიევის ჯარებმა 2026 წელს 590 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს, დასძინა მან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივ მოლაპარაკებებზე ამჟამად ფაქტობრივად, არაფერი ხდება.
უკრაინის ძალებმა იაროსლავში, უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 700 კილომეტრში (435 მილი) მდებარე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შეუტიეს, განაცხადა ზელენსკიმ, რაც კიევის მიერ რუსეთში ნავთობის ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების სერიის ბოლო შემთხვევაა.
„კერძოდ, ღამით უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია განახორციელეს იაროსლავის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანასთან დაკავშირებული სამიზნეების წინააღმდეგ - ჩვენი ტერიტორიიდან დაახლოებით 700 კილომეტრში“, - თქვა მან Telegram-ის შეტყობინებების აპლიკაციაში.
უკრაინამ გააძლიერა თავდასხმები რუსეთში, რაც მიზნად ისახავს, ძირი გამოუთხაროს რუსეთის ნავთობის მრეწველობას და შეამციროს შემოსავლები, რომლებიც მოსკოვს უკრაინაში ომის დაფინანსებაში ეხმარება.
ირანის კონფლიქტის დროს გლობალური ენერგორესურსების ფასები გაიზარდა და მოსკოვის მიერ ნავთობის გაყიდვებზე დაწესებული სანქციები შემსუბუქდა.
კიევი ასევე სულ უფრო ხშირად იყენებს ერთსა და იმავე ობიექტებზე რამდენჯერმე დარტყმის ტაქტიკას.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ X-ზე განაცხადა, რომ უკრაინამ ამ თვეში, 21 მაისის მონაცემებით, 11 რუსულ ნავთობის ობიექტზე განახორციელა დარტყმა, მათ შორის რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს, კირიშის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.
ოფიციალური მონაცემებით და წყაროებით Reuters-ისთვის ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ბოლო დღეებში უკრაინული დრონებით თავდასხმების შემდეგ, ცენტრალურ რუსეთში თითქმის ყველა მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იძულებული გახდა, შეეჩერებინა ან შეემცირებინა საწვავის წარმოება.
„ჩვენ ომს შინ - რუსეთში - ვაბრუნებთ და ეს სრულიად სამართლიანია“, - თქვა ზელენსკიმ.
რუბიომ შვედეთში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დროს განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები "არ მიმდინარეობს“. მან დასძინა, რომ ვაშინგტონი მზადაა, ხელი შეუწყოს მათ, თუ სიტუაცია შეიცვლება.
მისი თქმით, შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული კონტრპროდუქტიულ მოლაპარაკებებში მონაწილეობით. მაგრამ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
22 მაისს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინას, შეერთებულ შტატებსა
და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატი თავის პოტენციალს ამოწურავს. მან, ზელენსკის მსგავსად, გამოთქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირის წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩართულნი მოლაპარაკებების პროცესში.
ფორუმი