Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში 22 წლის სტუდენტი დააპატიმრეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსთან“ კავშირის ბრალდებით

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ (РДК) მებრძოლები - ფოტო არქივიდან.
„რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ (РДК) მებრძოლები - ფოტო არქივიდან.

მოსკოვის სასამართლომ 5 წლით საპატიმრო კოლონიაში გაუშვა 22 წლის სტუდენტი, პალინა კოსტიკოვა, რომელსაც „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ (РДК) საქმიანობაში მონაწილეობა ედება ბრალად.

სასამართლომ მას ასევე დააკისრა ჯარიმა - 250 ათასი რუბლის ოდენობით. ამ ინფორმაციას, პროკურატურაზე დაყრდნობით, „მედიაზონა“ (Медиазона) ავრცელებს.

გამოძიების თანახმად, 2024 წელს, საზღვარგარეთ ყოფნის დროს, კოსტიკოვა РДК-ს წარმომადგენლებს დაუკავშირდა მიზნით, რომ მონაწილეობა მიეღო საომარ მოქმედებებში რუსეთის არმიის წინააღმდეგ. საქმის მასალებით, ის იცნობდა მოხალისეთა კორპუსის ლიდერს.

პალინა კოსტიკოვა 2025 წლის მარტში დააკავეს, მოსკოვში, ნაქირავებ ბინაში. მაშინ სასამართლომ დაკავებული შინაპატიმრობაში გაუშვა, თუმცა პალინამ გაქცევა სცადა.

ТАСС-ი იუწყება, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე, 2022 წელს - კოსტიკოვა რუსეთიდან ჯერ თურქეთში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა საქართველოში; მოსკოვში დაბრუნებულმა კი - გააგრძელა მოხალისეთა შეგროვება РДК-სთვის, ინტერნეტის საშუალებით. ასევე, ТАСС-ის ინფორმაციით, პალინა კოსტიკოვა კვლავ ცდილობდა საქართველოში დაბრუნებას 2025 წლის მარტში, როდესაც ის შინაპატიმრობიდან გაიქცა, მაგრამ ის გზაში, ტაქსის შემოწმებისას დააკავეს.

"სტუდენტმა დანაშაული აღიარა, მოინანია", - წერს რუსეთის მედია.

სასამართლო პროცესებზე პროკურატურა 8-წლიან პატიმრობას ითხოვდა.

„რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ რუსეთის ხელისუფლებამ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. მათთან კავშირში ეჭვმიტანილ პირებს რუსეთის სასამართლოებში ტერორიზმის ან სახელმწიფოს ღალატის მუხლებით ასამართლებენ.

უკრაინასთან რუსეთის ომში, РДК-ს მებრძოლები უკრაინის მხარეს იბრძვიან. 2023 წელს ისინი მონაწილეობდნენ რუსეთის ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებზე განხორციელებულ თავდასხმებშიც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG