ევროპელმა მოსამართლეებმა ვლადიმერ ხუჭუას კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ის დამოუკიდებელი და ეფექტიანი სასამართლოების საკითხების სამუშაო ჯგუფს შეუერთდა.
ევროპის ადმინისტრაციული მოსამართლეების ასოციაციის (AEAJ) წევრები ევროპული ქვეყნები არიან, ხოლო მოსამართლეების ინდივიდუალური გაწევრიანება გამონაკლისად მიიჩნევა.
“[ასოციაციაში] მე წარვადგენ როგორც ინდივიდუალურად ჩემს პოზიციებს, ასევე, რა თქმა უნდა, ქართული მართლმსაჯულების ინტერესებს”, - უთხრა რადიო თავისუფლებას მოსამართლე ხუჭუამ, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ქართული მართლმსაჯულების განვითარების მიზნებს უკავშირებს:
“ჩვენ შეგვიძლია საუკეთესო ევროპული პრაქტიკა გამოვიყენოთ - გამოცდილება, რაც ევროპულ სასამართლოებს აქვთ ან ჰქონდათ იმ გზაზე, რაც მათ გაიარეს, ამ ნდობის მოსაპოვებლად… რაც ჩვენ გამოწვევები გვაქვს, თუკი ასეთი იყო სხვაგან, მათი პრაქტიკა უნდა შევისწავლოთ. მე რა ინფორმაციასაც მივიღებ ამ ასოციაციის ფარგლებში, როდესაც ეს საქართველოს წინსვლისთვის იქნება გამოსადეგი, მაქსიმალურად ვეცდები, რომ წარმოვადგინო ეს საკითხები".
მოსამართლე ხუჭუა რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ “ასოციაცია მუშაობს ევროპელი სასამართლოების ზოგად პრობლემებზე, რასაც ერთობლივად განიხილავენ ევროპელი მოსამართლეები და საჭირბოროტო საკითხებთან დაკავშირებით რეზოლუციებიც მიიღება”.
ასოციაციის გენერალური ასამბლეის სხდომები წელიწადში რამდენჯერმე იმართება. სხდომებში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის მოქმედი მოსამართლეები და სამართლის ექსპერტებიც.
ლისაბონში გამართული ღონისძიების საერთაშორისო პარტნიორებს შორის არის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE-ODIHR).
ფორუმი