პალესტინელთა ტერიტორიის პოლიციის ცნობით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთში პოლიციის ხუთი თანამშრომელი და ერთი ბავშვი დაიღუპა ისრაელის თავდასხმის შედეგად.
რეგიონის პოლიციას ჰამასი (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) მართავს.
ღაზის სექტორის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ ალ-ტუამის რაიონში პოლიციის ბაზებზე საჰაერო დარტყმის შედეგად ექვსი დაღუპულის გარდა დაშავებული არიან „გარკვეული რაოდენობის“ადამიანები.
ქალაქ ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფომ დაადასტურა, რომ მათ ექვსი ცხედარი მიიღეს, მათ შორის ხუთი პოლიციელის და ერთი - 2011 წელს დაბადებული ბავშვის ცხედარი.
AFP-ის კორესპონდენტმა იქ თეთრ სუდარაში გახვეული, სულ ცოტა, სამი ცხედარი ნახა.
ღაზაში პოლიციის ძალებმა განაცხადეს, რომ მათი ხუთი ოფიცერი დაიღუპა და დასძინეს, რომ ალ-ტუამში პოლიციის ობიექტს ორი რაკეტა მოხვდა.
თვითმხილველის თქმით, თავდასხმის სამიზნე პოლიციის კარავი იყო, რომელიც საკონტროლო პუნქტის გვერდით იყო განთავსებული.
ისრაელის სამხედრო წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ არმიამ ამ ტერიტორიაზე „ჰამასის ტერორისტებს“ დაარტყა.
ღაზის სექტორში ხანგლივი ომის შემდეგ ზავი ოქტომბრიდან მოქმედებს, თუმცა ისრაელი იტოვებს უფლებას, დაარტყას იმ სამიზნეებს, რომლებსაც ის საფრთხედ მიიჩნევს.
ღაზაში ყოველდღიურად არის ძალადობა, რადგან ისრაელის თავდასხმები გრძელდება, არმია და ჰამასი კი ერთმანეთს ადანაშაულებენ ზავის დარღვევაში.
ჰამასის მთავრობის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ტერიტორიაზე 42 პოლიციელი დაიღუპა.
განცხადებაში ჰამასმა დაგმო ის, რასაც მან პოლიციელების წინააღმდეგ ჩადენილი „დანაშაული“ უწოდა, რაც „ღაზის სექტორში ქაოსის დათესვას“ ისახავდა მიზნად.
ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რომელიც ჰამასის ხელმძღვანელობით მოქმედებს და რომლის მონაცემებსაც გაერო სანდოდ მიიჩნევს, 10 ოქტომბრის ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ სულ მცირე, 890 პალესტინელი დაიღუპა.
მედიის შეზღუდვებმა ღაზაში AFP-ს ხელს უშლის მსხვერპლის რაოდენობის დამოუკიდებლად გადამოწმებაში ან საბრძოლო მოქმედებების თავისუფლად გაშუქებაში.
ფორუმი