აშშ-ირანის შეთანხმების პროექტი ითვალისწინებს ცეცხლის შეწყვეტის 60 დღით გახანგრძლივებას, იტყობინება გამოცემა Axios წყაროებზე დაყრდნობით.
დოკუმენტის თანახმად, ამ პერიოდში თეირანი დაიწყებს ჰორმუზის სრუტეში დამონტაჟებული ნაღმების გაწმენდას, სრუტე ასევე გაიხსნება გავლისთვის გადასახადის გადახდის გარეშე.
სანაცვლოდ აშშ მოხსნის ირანის პორტების ბლოკადას და შეამსუბუქებს სანქციებს, რათა ირანმა თავისუფლად შეძლოს ნავთობის გაყიდვა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რაც უფრო მალე გაასუფთავებს თეირანი ჰორმუზის სრუტეში ნაღმებს და განაახლებს გადაზიდვებს, მით უფრო მალე მოიხსნება პორტების ბლოკადა.
შეთანხმების პროექტი მოიცავს ირანის ვალდებულებას, რომ არასდროს არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას და მოლაპარაკებებს აწარმოებს ურანის გამდიდრების პროგრამის შეჩერებისა და მაღალგამდიდრებული ურანის მარაგების ქვეყნიდან გატანის შესახებ.
დოკუმენტის თანახმად, ამერიკის ჯარები რეგიონში 60 დღის განმავლობაში დარჩებიან და მხოლოდ საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში გავლენ.
Axios-ის ცნობით, შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს, რომ ლიბანში დასრულდება ომი ისრაელსა და ჰეზბოლას შორის. ისრაელის ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ შაბათს ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს შეშფოთება გამოთქვა ამ დებულების გამო.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა Axios-ს განუმარტა, რომ ეს არ იქნება „ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა“ და თუ ჰეზბოლა გადაიარაღებას ან თავდასხმას შეეცდება, ისრაელს უფლება ექნება მიიღოს ზომები ამის თავიდან ასაცილებლად.
თეთრი სახლი იმედოვნებს, რომ შეთანხმება კვირას გამოცხადდება.
ფორუმი